პუბლიკაციები
„რუსეთსა და ირანს შორის მტრულ საყრდენ პუნქტს მომავალი არ აქვს“

saak2345ირანმა და რუსეთმა დასავლეთის ზეწოლას გაუძლეს. ასეთი განცხადება გააკეთა ამ დღეებში მინსკში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აქბარ სალეხიმ. „რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის არჩევასთან დაკავშირებით ჩვენ ძალზე პოზიტიურად ვაფასებთ რუსეთ-ირანის ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივებს“, – ხაზი გაუსვა მან. ირანის მთავარმა დიპლომატმა პარალელი გაავლო რუსეთის პრეზიდენტისა და ირანის პარლამენტის არჩევნებს შორის, რომლებიც,  პრაქტიკულად, ერთდროულად ჩატარდა, და განაცხადა: „ირანში ჩატარებულ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს დასავლეთის ქვეყნებმა და მედიამ, რომელთა ნეგატიურმა ჩარევამ იმის საპირისპირო ეფექტი მოახდინა, რასაც დასავლური პრესა იმედოვნებდა. ასეთმა რეაქციამ მხოლოდ ხელი შეუწყო ირანელ საზოგადოებაში არჩევნებისადმი ინტერესის ზრდას – საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 64% მივიდა. ჩანდა, რომ, პრაქტიკულად, ასეთივე სიტუაცია შეიქმნა არჩევნებზე რუსეთის ფედერაციაშიც: დასავლეთის ზეწოლამ მხოლოდ ქვეყნის პატრიოტული ძალების გაერთიანება გამოიწვია, რომლებმაც ხმა მისცეს იმის მიუხედავად, რა სურდათ რუსეთის ოპონენტებს“.

სანამ რუსეთის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სახელმწიფოს მეთაურებისა და მრავალი ქვეყნის მთავრობებისგან მილოცვებს იღებდა, საქართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა მრავალმნიშვნელოვნად წარმოთქვა, რომ რუსეთს მისი ამჟამინდელი მთავრობის პირობებში მომავალი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. „როგორი არჩევნებიც უნდა ჩაატაროს, ახლანდელი მთავრობის პირობებში რუსეთს მომავალი არ აქვს, იმიტომ, რომ ისინი წარსულს აშენებენ, თავიანთ ქვეყანას მენტალურად უკან აბრუნებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და განმარტა, რომ „რუსეთის ხელმძღვანელობა ევრაზიული კავშირის სახით საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობს“.

სააკაშვილის განცხადების შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით უნდა დავაზუსტოთ, რომ საბჭოთა იმპერია კომუნისტურ იდეოლოგიას ეფუძნებოდა, რომლის  ცნობილი და თავგამოდებული აპოლოგეტი სწორედ თავად სააკაშვილის ბევრი თანამემამულე იყო.

საქართველოს პრეზიდენტი მისთვის ჩვეულ სტილში ჟონგლიორობს ცნებებითა და შტამპებით, თუმცა მშვენივრად ესმის, რომ ევრაზიული კავშირი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელარუსის ეკონომიკურ ინტეგრაციას ემყარება. ეს არის მეზობელ სახელმწიფოთა ეკონომიკურ ურთიერთსარგებელზე დამყარებული პოლიტიკური ინტეგრაცია. ანუ სააკაშვილს ასეთივე წარმატებით შეეძლო განეცხადებინა, იმავე ეკონომიკური პერსპექტივების გარშემო გაერთიანებულ ევროკავშირს მომავალი არ აქვსო და, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მართალიც ყოფილიყო, ორი კავშირის რესურსების პოტენციალის გათვალისწინებით.

თუმცა ევრაზიული კავშირისათვის გადამწყვეტი შესაძლოა, მასში უკრაინის გაწევრება გახდეს. მაშინ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური მოთამაშე, თამაშის საერთო წესების მქონე უზარმაზარი ბაზარი  გახდება. რა არის ამაში ცუდი? ნათელია, რომ არანაირ უკრაინის ხელახლა გასაბჭოებაზე ამ შემთხვევაში ლაპარაკიც არ არის. თავად ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთთან, ყაზახეთსა და ბელარუსთან ინტეგრაციულ პროექტებში გაერთიანების გადაწყვეტილება დამოუკიდებელი უკრაინის „სუვერენული არჩევანია“. და კიევის ამ არჩევანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, თავად საქართველოს ბედიც, რომელსაც ვიქტორ იუშჩენკოს – სააკაშვილის ნათლიმამის – მმართველობისას სულ სხვა გეოპოლიტიკური პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე დღეს აქვს. უკრაინა, რომელიც მიახვედრეს, რომ ევროკავშირში შესვლაზე არც უნდა იოცნებოს, დღეს სრულიად მარტივი შეკითხვის წინაშე დგას – ან რუსეთთან, ყაზახეთთან, ბელარუსთან კავშირი, ან ეკონომიკური სუვერენიტეტის საფუძვლების დაკარგვა. ხაზს ვუსვამთ – ეკონომიკური, და არა პოლიტიკური. თუმცა პირველს უცილობლად მოჰყვება მეორე.

საქართველოსთვის სუვერენიტეტის დაკარგვა განვლილი ეტაპია. „როგორი არჩევნებიც უნდა ჩაატაროს რუსეთმა...“, – ამბობს სააკაშვილი. გავიხსენოთ, როგორი არჩევნები ტარდებოდა ბოლო პერიოდში თავად საქართველოში. სამოქალაქო შეჯახებები, პოლიტიკური მკვლელობები, მიტინგების დარბევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა – ეს ამ ქვეყანაში ყველა ბოლო ელექტორული პროცესის განუყრელი ატრიბუტებია. მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც კარგს არაფერს გვიქადის. სააკაშვილი მისი ყოფილი „საფულის“ – მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის, მიერ შექმნილ მძლავრ ოპოზიციურ ბლოკს შეეჯახება. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს პოლიტიკური პოლუსები, მთელი პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში შესაძლოა, ჩამოყალიბდეს და წარიმართოს ორი შემადგენლის გარშემო – ეს არის რუსეთში ნაშოვნი ფული (პატარკაციშვილი, ივანიშვილი) ან აშშ-ის ფული და პოლიტიკური მხარდაჭერა (სააკაშვილი). მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს საკუთარი არაფერი წარმოუშვია და საეჭვოა, წარმოშვას. „ფასადური დემოკრატიისა“ და „სატრანზიტო ეკონომიკის“ მიღმა სიცარიელე და მანევრის შესაძლებლობის არარსებობაა.

რუსეთის „მენტალობაზე“ ლაპარაკის დროს საქართველოს პრეზიდენტი არაფერს ამბობს თავად საქართველოს მენტალობაზე, რომელიც ინგლისურ ენას ისევე გაფაციცებით ითვისებს, როგორც საბჭოთა წლებში – რუსულს, და ავღანეთში „საზარბაზნე ხორცს“ ისე აგზავნის, თითქოს სსრკ არც დაშლილა.

რუსეთში შემდგარი არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მსწრაფლ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა აზერბაიჯანში, სადაც განაცხადა, რომ „საქართველო იმ დახმარების წყალობით ვითარდება, რომელსაც აზერბაიჯანიდან ვიღებთ“. „ანუ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა საქართველოს დამოუკიდებლობასაც ნიშნავს“, – ხაზი გაუსვა სააკაშვილმა.

მართლაც, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ სუსტ ფეხებზე თავი მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის მხარდაჭერით შეიმაგრა, საბოლოოდ დაკარგა რა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შანსი. ეს არის სააკაშვილის მთავარი „დამსახურება“ საკუთარი ხალხის წინაშე, თუ ამერიკული სიმინდის დარიგებას არ ჩავთვლით, რომელმაც არ იხარა.

და დღეს საქართველოს სუვერენიტეტი გარანტირებულია იმდენად, რამდენადაც მისი ტერიტორია უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ნახშირწყალბადის ტრანზიტს თურქეთში და, აგრეთვე, ამიერკავკასიაში აშშ-ის პოლიტიკური მიზნების წინ წაწევას.

რეგიონში არაფერი შეცვლილა. აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი და რუსეთი-სომხეთი-ირანი ერთმანეთის პერპენდიკულარულ პოლიტიკურ ღერძებს აყალიბებენ. და დღეს ყველაზე რთულ და არამყარ მდგომარეობაში საქართველო და სომხეთი – შუალუდური რგოლები – არიან. ამ კონფიგურაციის ნებისმიერი ცვლილება საქართველოს სამიზნედ ან რეგიონული კონკურენციის აუტსაიდერად გადააქცევს. და ეს ნებისმიერი ქართველი ლიდერის პოლიტიკის  ბუნებრივი შედეგია, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას აშშ-ის ინტერესებში კონფრონტაციის სულისკვეთებაზე აგებს. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ამით ის ირანთან შინაარსიანი პოლიტიკური დიალოგის არხებს კეტავს.

ამიტომ დღევანდელი მთავრობის პირობებში საქართველოს მომავალი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ, რომ დღეს ის აშენებს არა მომავალს ან, თუნდაც, წარსულს (სხვათაშორის, საბჭოთა პერიოდში ფრიად დინამიკურსა და წარმატებულს). საქართველო რუსეთსა და ირანს შორის მტრულ საყრდენ პუნქტს აშენებს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაინგრევა, თუნდაც ამან მთელი რეგიონი კატასტროფამდე მიიყვანოს. ყველაზე უკეთ ეს ამერიკელებს ესმით, რომლებიც დაჟინებით მოუწოდებენ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ. და სააკაშვილის გაღიზიანება, როგორც ჩანს, სწორედ იმას უკავშირდება, რომ ოკეანისგაღმელი ბოსების ამ დავალების შესრულებას ვერ ახერხებს. ხოლო პუტინის არჩევის შემდეგ, რომელმაც ყველაფერი იღონა, რომ რუსეთის არჩევნებს პირდაპირი მნიშვნელობით მსოფლიოს მილიონობით ადამიანის პერსონალური კომპიუტერების ეკრანებზე ჩაევლო, ეს დავალება სააკაშვილისათვის საერთოდ შეუსრულებადი გახდა.

 

ვიქტორ იაკუბიანი, ამიერკავკასიის პრობლემების ექსპერტი (მოსკოვი)

http://www.regnum.ru/news/fd-abroad/georgia/1507648.html