თბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ სადავო კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად იქნა ინიცირებული.
ამ ცვლილებების ავტორები არიან სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრი ორგანიზაციები: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“, ხოლო ინიციატორია იურიდიული კომიტეტი.
კომიტეტის მიერ კანონპროექტის იმ ვარიანტის ინიცირება მოხდა, რომელიც „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა შეიმუშავეს და რომლის დებულებების ნაწილს მმართველი პარტიის დეპუტატები არ ეთანხმებიან.ინიცირებულ ვარიანტში ტექსტობრივად არ არის ასახული ის შეთანხმებული პოზიციები, რომლებიც კამპანიის წარმომადგენლებსა და იურიდიულ კომიტეტს შორის მარტში მიმდინარე კონსულტაციების სამი რაუნდის შედეგად იქნა მიღწეული.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ ეს შეთანხმებები ძალაში რჩება და მათი მიხედვით მოხდება ინიცირებული ტექსტის კორექტირება. თუმცა მან არ გამორიცხა კანონპროექტში გარკვეული დამატებითი შესწორებების შეტანაც.
მისი თქმით, კანონპროექტის სასტარტო ტექსტი ხუთშაბათისთვის იქნება ხელმისაწვდომი, როცა ამ ინიციატივის პირველი მოსმენით განხილვაა დაგეგმილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განსახილველად გატანა პარასკევისთვის იგეგმება.