სამართალი
კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

gancxadeba4თბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, კოალიცია სრულიად მიუღებლად და  მომავალი თაობების უფლებების შელახვად მიიჩნევს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა, ხოლო საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 20 მარტს დაჩქარებული წესით დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია შეთანხმების დადება დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, რის შემდეგაც დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ.

ამგვარი შეთანხმების საფუძველზე პირს აღარ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობასთან და ყველა მის მიერ ჩადენილი ქმედება ჩაითვლება კანონიერად.

„მიგვაჩნია, რომ ცვლილებების პაკეტი ქმნის ნოყიერ ნიადაგს ელიტური კორუფციისთვის და ვიზიარებთ  გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას, რომ აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში (მუხლი 37) და პრინციპს – კანონის წინაშე თანასწორობის შესახებ (მუხლი 14). ცვლილებები, ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ხელშეკრულებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.