„აზერბაიჯანში ჩასულ მთავრობის წარმომადგენლებს საინგილოში მცხოვრები ქართველები არც გახსენებიათ“
თბილისი, 26 მარტი,
საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი
საქინფორმს ატყობინებს, 23 მარტს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით კახის რაიონში ჩასულ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს საერთოდ არ გახსენებიათ საინგილოს ქართველები, რომლებსაც საკმაოდ მძიმე პირობებში უწევთ, შეინარჩუნონ ქართველობა – დაკეტილია სასაზღვრო ხიდი, რომელიც მათ არ აძლევთ საშუალებას ქართველ ნათესავებთან ჰქონდეთ კონტაქტი, აზერბაიჯანის კანონი კრძალავს საზღვარზე ქართული ლიტერატურის გადატანას, რაც კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს და ა.შ.
პარტიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებიც არ იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ კახში ასეთი გრანდიოზული ღონისძიება იგეგმებოდა, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი ხალხისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს და მოითხოვს, შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის საინგილოში მცხოვრები ქართველებისთვის სასაზღვრო ხიდზე შეუზღუდავი გადაადგილება და სხვა პრობლემური საკითხები.