საზოგადოება
2011 წელს მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7% შეადგინა

rost-vovთბილისი, 27 მარტი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს აცნობებს, წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტი შეადგინა; ხოლო მთლიანი წლის მაჩვენებელმა მშპ-ს ზრდის კუთხით - 7 პროცენტი.

მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია იმ ციფრებისგან შედარებით, რომელიც საქსტატმა იანვრის ბოლოს გამოაქვეყნა.

მრეწველობისა და ვაჭრობის დარგებმა 2011 წელს ქვეყნის მშპ-ის ერთ მესამედზე მეტი შეადგინა – თითოეულმა 17,3 პროცენტი.

2011 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა საფინანსო საქმიანობაში – 24.3 პროცენტი; შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 14.3; ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება – 8,9; სასტუმროები და რესტორნები – 8,4; კავშირგაბმულობა – 8 პროცენტი; ხოლო სამთომოპოვებით მრეწველობაში 6.5-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

სამწლიანი კლების შემდეგ, 2011 წელს სოფლის მეურნეობის სფეროში წინა წელთან შედარებით 5.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.