საზოგადოება
მიხეილ ხუბუტია: „დამშვიდობების დრო მოვიდა...“

xubutთბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია გადადგომას აპირებს და ა.წ. მაისში კავშირის III ყრილობა მის შემცვლელს აირჩევს. ამის შესახებ საქინფორმს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრესცენტრმა აცნობა. ამასთან დაკავშირებით მიხეილ ხუბუტიამ თავის თანამემამულეებს – კავშირის წევრებს, მიმართა. მიმართვაში, კერძოდ, ნათქვამია:

ძვირფასო ძმებო და დებო, ძვირფასო მეგობრებო!

„რუსეთში ქართველთა კავშირი“ ხუთი წლის ხდება – ეს ცოტაც არის და ბევრიც. ორგანიზაცია ახალგაზრდაა, ის ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს, განმტკიცდეს და განვითარდეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ საზოგადოებრივ ოგანიზაციას არ გაუკეთებია ამდენი შესანიშნავი კეთილი საქმე, არ განუხორციელებია ამდენი სერიოზული და დიდი პროექტი ესოდენ მოკლე ვადაში.

ჩემთვის განვლილი ხუთი წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ცხოვრებაში, რადგან ეს წლები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ყველაზე უარესი პერიოდი გახლდათ. როდესაც ხუთი წლის წინ მე და ჩემი კოლეგები „რუსეთში ქართველთა კავშირს“ ვქმნიდით, არცერთი მასშტაბური ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია არ არსებობდა, არ იყო ბირთვი, მშობლიური სახლის ალტერნატივა, 2006 წლის ღირსსახსოვარი მოვლენების დროსაც კი არავინ აღმოჩნდა, ვინც ჩვენს დასაცავად გამოვიდოდა. შეიქმნა „რუსეთში ქართველთა კავშირი“ – და ადამიანები ჩვენკენ გამოეშურნენ, ორგანიზაცია იზრდებოდა, გავლენასა და წონას იძენდა. ამ ფონზე ბევრმა ფსევდო-საზოგადო მოღვაწემ სცადა საკუთარი მიზნებისთვის თავისი „სახალხო“ მოძრაობებისა და ორგანიზაციების დაარსება.

ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვერდიგვერდ ვშრომობდით ამ 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება მივიღე: დროა, გზა ახალგაზრდებს დავუთმო, „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის საპასუხისმგებლო პოსტი ახალ, მიზანდასახულ და ენერგიულ ადამიანს გადავცე. ეს გადაწყვეტილება აწონილ-დაწონილი და მოფიქრებულია. დამშვიდობების დრო მოვიდა. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ნებისმიერ დროს დავეხმარო კავშირის ახალ ხელმძღვანელობას! როგორც არაერთხელ მითქვამს, პოლიტიკისაგან შორს ვარ, ამ ჩემთვის უცხო საქმით დაკავებას არც მომავალში ვაპირებ – სამაგიეროდ, სხვა სფეროებში უამრავი ინტერესი მაქვს.

ძვირფასო მეგობრებო, ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ, ამა წლის მაისში ჩავატაროთ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ III ყრილობა, რომლის ფარგლებში  შევძლებთ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის შეჯამებას, მომავალი წლებისათვის ძირითადი ამოცანებისა და გეგმების ჩამოყალიბებას, შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი ნაბიჯების განსაზღვრას, და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩვენს თანამემამულეთაგან ყველაზე ღირსეულის არჩევას.

პატივისცემითა და სიყვარულით,

რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი

მიხეილ ხუბუტია