თბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. სააგენტო „რესის“ ცნობით, სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 40 %-ის დამუშავების შემდეგ ხმათა 41,94%-ით ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს; მეორე ადგილზე 25,36 %-ით დავით სანაკოევია. დიმიტრი მედოევმა ხმათა 23,8 % მიიღო, ხოლო სტანისლავ კოჩიევმა – 5,62 %.
პირველსავე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ს პლუს ერთი ხმა სჭირდებოდა.
მეორე ტურში გასული კანდიდატები მომავალ გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან. დავით სანაკოევი იმედოვნებს, რომ ის კანდიდატებიც დაუჭერენ მხარს, რომლებიც მეორე ტურში ვერ გავიდნენ. სანაკოევის შეფასებით, მეორე ტურში გადასვლა სისტემაზე გამარჯვებაა.თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვი გუშინდელი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს.
25 მარტს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები გაიმართა. 2011 წლის 27 ნოემბრის არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა.
ხელახალ არჩევნებში მონაწილეობდნენ უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი, რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.
ხელახალ არჩევნებში ამომრჩევლების 67,53 %-მა მიიღო მონაწილეობა.