სამართალი
ეროვნული უშიშროების საბჭო ალასანიასგან მიღებულ მასალებს აქვეყნებს

CHB-publikuetთბილისი, 26 მარტი, საქინფორმი. ეროვნული უშიშროების საბჭომ (ეუს) 23 მარტს თავის ვებგვერდზე  გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც, როგორც საბჭომ აღნიშნა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის – ირაკლი ალასანიასგან მიიღო. ეს მასალები, ალასანიას თქმით, ამყარებს მის ბრალდებებს სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების თაობაზე.

„ჩვენ დოკუმენტს სრულად ვაქვეყნებთ, რათა საზოგადოებას თავად ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს, თუ რამდენად სერიოზულია წარმოდგენილი მონაცემები“, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებაში.

„მოწოდებული მასალა არათუ არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას, მასში უბრალოდ ჩამოთვლილია მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები, მათ შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, პოლიციის რეგიონული დანაყოფების უფროსები, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის ოფიცრები“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოქვეყნებული მასალა შეიცავს ალასანიას წერილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელზე და იმ პირთა თანდართულ სიას, რომლებიც, ალასანიას თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ, ასევე, რამდენიმე მისამართს ზუგდიდში და რამდენიმე სოფელს სამეგრელოს რეგიონში, სადაც, სავარაუდოდ, ეს ჯგუფები არიან განთავსებულნი. მაგალითად, ერთ-ერთი დაჯგუფების შესახებ ალასანიას წერილში ნათქვამია: „350-კაციანი დაჯგუფება (სპეცდანიშნულების რაზმი); დისლოკაციის ადგილი: ქ.ზუგდიდი, კერძო სახლები. ხელმძღვანელი – კობა ახვლედიანი (როლანდ ახალაიას ყოფილი დაცვის უფროსი)“. როლანდ ახალაია სამეგრელოს რეგიონის მთავარი პროკურორი და თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას მამაა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განცხადებით, „სრულიად გაუგებარია მოსაზრება, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიცია და შეიარაღებული ძალები არაფორმალური, უკანონო შენაერთები არიან. მით უმეტეს, აღმაშფოთებელი და უპასუხისმგებლოა სამოქალაქო ომის ან სირიის ქალაქ ჰომსის მსგავსი ტრაგედიის წინასწარმეტყველება საქართველოში“. მას მხედველობაში ჰქონდა ალასანიას განცხადება, რომელმაც 15 მარტს უცხოელ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა, მათ რეაგირება მოეხდინათ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესზე,  „სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ კიდევ ერთი ჰომსი არ მივიღეთ ზუგდიდში ან სხვა ადგილას“.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ მას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე მტკიცებულებები აქვს. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გასაჯაროებაზე მან უარი განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მტკიცებულებას, მათ შორის, სრულ ინფორმაციას მათი [შეიარაღებული ჯგუფების] დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს უგზავნიდა რეაგირებისთვის.

მან, ასევე, განაცხადა, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც, მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის პირდაპირი მითითებებით იქმნება, არაფერი აქვთ საერთო რეზერვთან.  მისი თქმით, ისინი იარაღს ატარებენ და მათ ფულს უხდიან.

20 მარტს ალასანიამ განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის ბოლო 5-6 თვის განმავლობაში სამეგრელოს მოსახლებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების ზოგიერთი წევრის ნათესავებისგან აგროვებდა ინფორმაციას უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შესახებ.

მისი თქმით, იგი არასდროს აკეთებს განცხადებას, თუ მის სიზუსტეში არაა დარწმუნებული.

„შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის სააკაშვილი; მას ეშინია არჩევნებში დამარცხების, ამიტომაც მას სჭირდება ისეთი რეპრესიული მანქანა, რომელსაც ის აამოქმედებს, თუ არ მოეწონება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა ალასანიამ.