პუბლიკაციები
„პუტინს იმას აბრალებენ, რასაც თვითონ აკეთებენ და ამით თვითლუსტრაციას ახდენენ! ხალხი კი ყველაფერს ხვდება...“

nanaსაქინფორმის სტუმარია – საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი.

– ქალბატონო ნანა, რას გვეტყვით რუსეთში არშემდგარ რევოლუციაზე და მასთან დაკავშირებულ იქაურ და აქაურ მოლოდინებზე?

– ამ ბოლო ხანს, დამკვიდრდა და მუდმივად გვესმის, რომ ესენი თურმე „რუსთმოძულეები“ არიან  და ჩვენ, ვინც ვამბობთ, რომ  რუსეთთან ურთიერთობის  მოგვარების გარეშე საქართველოს არცერთი პრობლემა არ გადაწყდება, ვართ „რუსოფილები“. სინამდვილეში ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ მთელი ბიზნესი გადავიდა რუსული კაპიტალის ხელში.  იარაღსაც დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ ბოლო არგუმენტად იყენებენ (მაგალითად, როგორც ერაყში), უმთავრესად კი, ყველაფერი ფულითა და ეკონომიკური ბერკეტებით კეთდება. იმის გამო, რომ ეკონომიკაცა და ფინანსური სისტემაც გლობალური გახდა, ერთ ინვესტორს შეუძლია, უცებ გაიტანოს თავისი ფინანსები და ქვეყანა გაანადგუროს. ამით მას შეუძლია, დააქციოს იმ ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური ცხოვრება და სახელმწიფოც მოშალოს. ამ გლობალური, ამ შემთხვევაში, რუსული კაპიტალის ხელში გადავიდა ყველაფერი, მათ შორის ის, რაც ათ-თხუთმეტ წელიწადში ბენზინზე ძვირი ეღირება – სასმელი წყალი. ძალიან მალე, ნავთობსადენების მსგავსად, მსოფლიოში წყალსადენები გახდება აქტუალური. წყალი კი, როგორც ერთ-ერთი წიაღისეული სიმდიდრე, უცხო ქვეყანას მისცეს (არ ვამბობ მტერს, „მტერი-მტერიო“– ესენი გაიძახიან და სინამდვილეში ამას აკეთებენ). არის რაღაც, რაც არ შეიძლება, შენი ხალხის ხელიდან გაუშვა.  როგორც თურქმენეთშია გაზი უფასო, წყლით მდიდარ საკუთარ ქვეყანაშიც უფლისგან ნაბოძები წყალი ჩვენი მოსახლეობისთვის უნდა იყოს უფასო. შენს საჭიროებას რომ დააკმაყოფილებ, რაც დაგრჩება, მხოლოდ მერე შეგიძლია, გაიტანო და გაყიდო. იმ შემოსული თანხით კი ისევ შენს მოსახლეობას გაუკეთო რაღაც. ამათ (ხელისუფლებამ, – ბ.ა.) ისეთი მექანიზმი შექმნეს, რომელიც მსოფლიოში არსად აღარ არის.

ამასწინათ ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია –  ამერიკაში მკვლელი იხდიდა სასჯელს და ორი წლის განმავლობაში უმუშევრის შემწეობას იღებდა. ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ ჩვენი მოქალაქე, რომელმაც იმუშავა, არც საპენსიო ასაკისაა და არც დასაქმების არანაირი შანსი არ აქვს, ჩვენთან  საერთოდ უარაფროდ დატოვეს. ეს არის სახელმწიფო, რომელმაც ყველა ვალდებულებაზე თქვა უარი; ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს საპოხის მსგავსად  „მასალად“ იყენებს და ადამიანს როგორც ღმერთის მიერ შექმნილ არსებად არ განიხილავს. ასეთ ვითარებაში იმის იმედით ცხოვრება, რომ „როცა პუტინი აღარ იქნება, რუსეთიც დაიშლება. რუსეთის  დაშლით კი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დავიბრუნებთ“, – ამ საუბრის მაგათ ბებიებს თუ სჯერა? ჯერ ერთი,  რუსეთის დაშლით ჩვენს ამ უკვე არსებულ ორ კონფლიქტურ რეგიონს დაემატება კიდევ სხვა კონფლიქტური ზონები, და აღარაფერს ვამბობ იმ ლეკიანობაზე, რომელიც ბავშვობაში მეც და თქვენც ზღაპარი გვეგონა. ეს რეალური ამბავია და გვახსოვს, რომ ოცი წლის წინათ საქართველოში ეს ხდებოდა.

– აქედან შეთავაზებულმა უვიზო რეჟიმმა რუსეთთან რა შეიძლება მოგვიტანოს? ბევრი დიდი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს...

– მოდი, შევხედოთ, შინაარსობრივად რა ხდება?!  რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეს გამარტივებული სავიზო პროცედურა ჰქონდა. ურტყამდნენ შტამპს, რომ გამოიარა საზღვარი. ვისაც არ თვლიდნენ საჭიროდ, იმას საზღვრიდან უკან აბრუნებდნენ. არაერთი მაგალითი გვაქვს როგორც ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების, ისე რუსების უკან გაბრუნების. მინდია გულუას უთხრეს – შენ ქართულ სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიო და უკანვე გააბრუნეს. ანუ უვიზო რეჟიმის შემთხვევაშიც, „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე,  შეუძლიათ საზღვარზე გაჩერება და გაბრუნება. ამას უვიზო რეჟიმის პირობებში ვერ გააკეთებენ? ოფიციალურ  სტატისტიკაში, ვინც საზღვარი გადმოკვეთა, ყველა ტურისტად ჰყავთ ნაჩვენები. კონფერენციაზე ჩამოსული და ორ დღეში უკან წასული ადამიანიც ტურისტად ფორმდება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ სომხეთის უამრავი მოქალაქე რუსეთიდან ტრანზიტით შემოდის და გადის. განა ის ტურისტია? აქედან მოდის 2 და 3 მილიონი ტურისტით ტრაბახიც.

– სააკაშვილის მიერ რუსი ბიზნესმენების უეცარი მოპატიჟება რას ნიშნავს? ჩვენ გვაქვს  ბიძინა ივანიშვილის მაგალითი და ისიც რუსი კი არა, ქართველია, რომელსაც გამუდმებით რუსულ  ფულზე ედავებიან. ეს რას მოასწავებს – ჯერ დაპატიჟებ და მერე ატეხ ყვირილს –  არიქა, რუსული ფულია შემოსული საქართველოში და „კრემლს ჩემი დამხობა სურსო“?

– ხომ არ გავიწყდებათ, რომ რონი ფუქსი და ზეელ ფრენკელი პირადად პრემიერ-მინისტრმა დაპატიჟა ქვეყანაში? თუ ვინმე იდიოტია და ამ მაგალითით მაინც ვერ მიხვდება, ამ „მოპატიჟების“ უკან რა შეიძლება იდგეს, ეს მათი პრობლემაა. მეორეც: ის გამოთქმა ხომ გსმენიათ: „Наш сукин сын“. თუნდაც  ბიძინა ივანიშვილს, სანამ „თავისიანად“ თვლიდნენ,  არ ეხებოდნენ. როგორც კი მან პოლიტიკაში მოსვლის თობაზე  განცხადება გააკეთა, მაშინვე „რუსეთის მამაძაღლი“  გახდა. როგორც კი შეხედავენ, რომ რაღაც მათ სასარგებლოდ არ არის,  შემოსული ბიზნესმენებიდან ყველა  ჯაშუშიც გახდება, დივერსანტიც, ტერორისტიც, აგენტიც და ბევრი სხვა რამეც. გაიხსენეთ, რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება რით დაიწყო? პირველი ვიზიტი სააკაშვილს ჰქონდა არა მერიკის შეერთებულ შტატებში ან რუსეთში, არამედ პუტინთან და ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ორივე კმაყოფილი და გაცისკროვნებული ჩანდა. ურთიერთობის გაფუჭება საჩვენებელი „ჯაშუშების სკანდალიდან“ დაიწყო.

–  სანდო წყაროსგან ვიცი,  რომ ამ შეხვედრაზე პუტინის მხრიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შეთავაზება გაკეთდა იმის სანაცვლოდ, რომ ზურგში „ნატოს ბაზებს“ არ მოვუწყობდით, თუმცა სააკაშვილს ამერიკისგან იმდენი ფული ჰქონდა უკვე აღებული, რომ უკანდასახევი გზა აღარ დარჩა...

– აქ მარტო ფული არ არის. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა საუბარი შედგა პუტინსა და სააკაშვილს შორის, მაგრამ ამის თაობაზე „გონივრული ეჭვის“ უფლება გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მიცემული სიტყვის გატეხვის იმდენი შემთხვევა აქვს სააკაშვილს, რომ ეგ ვერსიებიც არავის გაუკვირდება.

რაც შეეხება რუსეთის არჩევნებს, მე ასეთი რამ გავლილი მაქვს და, მათ შორის, „ ჩემს კისერზეც“ გადაიარა იმ 2003 წელმა და ვიცი, რანაირად ხდება რევოლუციების იმიტაცია, რომელიც სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალებაა და არა ხალხის მოწყობილი რევოლუცია. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში ოპოზიციასაც კი არ ჰქონდა იმედი, რომ პუტინი ვერ გაიმარჯვებდა, ან გამარჯვების შემთხვევაში ძალაუფლებას დააკარგვინებდნენ. მათი მიზნები უფრო შორს მიმავალია. სატელევიზიო ეთერებს ხშირად ვუსმენ: მათ უნდათ დამარცხებული პუტინი, ანუ „ლაგამამოდებული“ – „მოკლე ლაგამზე მყოფი“ პუტინი,  მაგრამ არ გამოუვათ ეს. რასაც ვუყურებ, „მანეჟნიზე“ რომ მივიდა პუტინი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მართალია,  თქვა – „ქარი იყო და ცრემლები ამიტომ წამომივიდაო“, მაგრამ რეალურად წამოუვიდა ცრემლები. თქვა ისიც, რომ „დაგპირდით გამარჯვებას და გავიმარჯვეთ. და ეს გამარჯვება იყო ტესტი იმისა, ჩვენ ჩვენით გადავწყვეტდით ჩვენს ბედს, თუ სხვისი კარნახით“... რასაც რუსეთს ვერ წაართმევ, არის ის, რომ  რუსი არის „положено»-ს ადამიანი, ანუ „კანონით ასეა“, „წესით ასეა“ და ამ წესის დასაცავად, ქართველისგან განსხვავებით, ბოლომდე იბრძოლებს.

– ბევრ პარალელს ავლებენ პუტინისა და სააკაშვილის ქცევებს შორის, თუნდაც, ცრემლებზე...

– ეს პიარტექნოლოგიებია.  მეორე დღეს პუტინმა თქვა – ქარიანი ამინდი იყო და თვალები ამიტომ ამიცრემლდაო. ანუ მას არ დაუჩემებია, გინდა თუ არა, პენსიონერზე დამეთუთქა გული და იმიტომ  ვიტირეო. ტექნოლოგიები არც ისე ბევრია და ყველა პიარკომპანია პოლიტიკოსის იმიჯის გასაუმჯობესებლად  ერთსა და იმავე კლიშეს იყენებს, მაგრამ  ამ ორის ქცევებსა და შინაარსშია განსხვავება.

– ჩვენი მედიის „ჩემი შენ გითხარის“ განცხადებები – რომ თურმე იქ ავტობუსებით მიუყვანიათ ხალხი, „კარუსელები დაატრიალეს“ არჩევნებისას, სპეცრაზმი იდგა შორიახლოს – სრული უტიფრობის განცდას უქმნის საზოგადოებას...

– რასაც თვითონ აკეთებენ,  იმას სხვაზე ჰყვებიან. არც ის არის გასაკვირი, რომ მხარდამჭერთა მიყვანის ორგანიზება მოხდეს. კანდიდატის შტაბმა მხარდამჭერები რომ მიიყვანოს გამარჯვებულ კანდიდატთან შეხვედრაზე, ამაში უცნაური არაფერია. უცნაური ის არის, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ჩადის რომელიმე რაიონში და იქაურ მოსახლეობას კი არ ხვდება, არამედ ავტობუსებით სპეციალურად  ჩაყვანილ ერთსა და იმავე ადამიანებს, თორემ პარტიულ შეკრებაზე საიდანაც უნდა, იქიდან ჩაიყვანოს ხალხი.

– ამასწინანდელ შეხვედრაზე იმდენი ადამიანი ჰყავდათ ჩაყვანილი, რომ იმ რაიონში ამდენი   საერთოდ არ ცხოვრობს. ორი თუ სამი რაიონის ოდენობა ჰყავდათ ერთად მობილიზებული...

– მოკლედ, პუტინს იმას აბრალებენ, რასაც თვითონ აკეთებენ და თვითლუსტრაციას ახდენენ! ხალხი კი ყველაფერს ხედავს და ხვდება.

– ესენი კი ფიქრობენ, რომ ტვინი ისე გამოგვირეცხეს, საერთოდ აღარაფერი გვახსოვს და ანალიზს ვერავინ აკეთებს...

– ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერების ძირითადი შეცდომა არის ის, რომ ფიქრობენ, მოსახლეობა სტრიქონებს შორის ამოიკითხავს მათ აზრს. ყველას თავისი პრობლემა აქვს. ახალი სეზონი დგება. კაცს მიწა აქვს დასამუშავებელი და იმაზე იმტვრევს თავს, როგორ დახნავს, დათესავს, რა მოსავალს მოიმკის. შემოდგომაზე ან ამოიღებს ამ თავის ნაჯაფს და ან ვერა. ამდენი საზრუნავით დატვირთულ ადამიანს, რომელსაც ცოლი ჰყავს ავად, შვილის სწავლისა და წიგნის, გაზის, დენის ფული აქვს გადასახდელი და სხვა მრავალი ყოფითი პრობლემა აწუხებს, რომელიღაც ოპოლიდერის აზრის სტრიქონებს შორის ამოკითხვას სთხოვ? მარტო ხელისუფლება კი არ არის რეალობას მოწყვეტილი, – ოპოზიციაც ასეა. ნარცისებივით დაჰხარიან თავს. ხალხი სულ სხვა პრობლემებით ცხოვრობს, ეგენი კი – სულ სხვა...  გავამწვავებ, მაგრამ გლეხის პრობლემა არის, როგორ ჩაუსხას ტრაქტორს საწვავი, ამათი  პრობლემა კი – როგორ დახარჯონ  მილიონი ერთ დღეში. 

– სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის პრობლემა მარტივად გადაჭრა – გამოცხადა, რომ გლეხმა თავი ტურიზმით უნდა ირჩინოს!

– ამ ზაფხულს სვანეთში ვიყავი, უშგულში. მართალია, ხელნაწერი, მაგრამ ინგლისური აბრა ვნახე – „კაფე კოშკი“. ეს აღარ არის სვანეთი, რომელზეც გურამ რჩეულიშვილი წერდა. ახლანდელი სვანეთი თან ინდუსტრიაა, თან არის რაღაც „კუსტარულად შეკერილი ფეხსაცმელივით“. ალაგ-ალაგ ტურისტული ობიექტების აშენება მხარის წამოწევას არ ნიშნავს. ეთნოგრაფიულად, ისტორიულად, გეოგრაფიულად არის ის ბუნებრივი ზონები, რომლებიც, ვალდებული ხარ, იმ სახით შეინარჩუნო, როგორიც არის. უშგულში ტიტლიკანა ტურისტის სიარული ნიშნავს იმას, რომ ის საფუძვლები ირყევა, რაზეც ის მხარე დგას. იგივეა ფშავ-ხევსურეთში. მერე უკვირთ, რატომ ხდება ჩხუბი, კონფლიქტი. იმიტომ, რომ იქ ტურისტად ჩასული უცხოელი აზრზე არ არის, სად ჩავიდა და შეურაცხყოფას აყენებს ადგილობრივი ცხოვრების წესს და ეს ბუნებრივი პროტესტია. ქართული ანდაზაა – „სადაც ჩახვალ, იაქაური ქუდი დაიხურე“. შენ ჩემთან სახლში შემოდიხარ და გინდა, შენი წესებით მაცხოვრო? ამას არავინ აიტანს!

- ადათისა და წესის  უგულებელყოფით (და თან ამას ევროპასთან ინტეგრაციას ეძახიან), გარყვნილების პროპაგანდით, ტრადიციის დამახინჯებით, უზნეობით თავად ხელისუფლება აყენებს შეურაცხყოფას თავის ხალხს და ის ჩამოსული უცხოელი რატომღა სცემს პატივს შენსას? აგერ, ძველი თბილისის პატარა ვიწრო ქუჩას აწერია ქართულად „ტიფლისი ავენიუ“, ანუ „ტიფლისის პროსპექტი“

– ყველაფრის კომერციალიზაცია არ შეიძლება. თბილისს კავკასიის ქალაქებიდან  ყოველთვის გამოარჩევდა ის, რომ ერთდროულად ევროპულიც იყო და აზიურიც. აქეთ ბანიანი სახლები და იქით ევროპული სასტუმროები ისე იყო შერწყმული, რომ ერთმანეთის მხატვრულ სახეს არ არღვევდა. აქეთ ყარაჩოღელი იყო, იქით კნუტ ჰამსუნი ცხოვრობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთში არ ირეოდა. ჩვენ გვაქვს ერთი კერძი – აჯაფსანდალი, მაგრამ ყველა კერძს აჯაფსანდალის პრინციპით ვერ გააკეთებ. ამიტომ ყველაფრის კომერციალიზაცია არ შეიძლება. როგორც მოკლე ვიწრო ქუჩა არ არის პროსპექტი, ისე ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ, არც ევროპულია, არც ამერიკული და ქართული, მითუმეტეს, არ არის.

– უწმიდესისა და უნეტარესის, კათალიკოს დავით V შვილიშვილს, არ შემიძლია, არ გკითხოთ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილებაზე აზრი...

– ასე შევხედოთ: აჭარაში  მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვინმე რატომ შეიძლება იყოს? მართლმადიდებელს ყოველთვის გამოარჩევდა ის, რომ თავს არავის არაფერს ახვევდა, ქართული გამოთქმაც – „ძალად მაცხონე“ – აქედანაა, ძალად ვერავის აცხონებ. პრობლემა ისაა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: „ან ჩვენ, ან კულტურის სამინისტროს რას ემართლებით. ეს გადაწყვეტილება ერდოღანის და სააკაშვილის შეხვედრაზე გადაწყდა“. აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ის აზიზიეს მეჩეთი არასდროს ყოფილა ქართველი მუსლიმების სალოცავი. ის ოსმალო ჯარისკაცებისთვის სახელდახელოდ აშენებული ხის ორსართულიანი მეჩეთი იყო. კულტურის მინისტრი ტყუის, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში ეს ნაგებობა ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ეს მეჩეთი არავითარ არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას არ წარმოდგენდა. ელექტროგაყვანილობის გამო დაიწვა. ამ გადაწყვეტილების განხორციელების შემდეგ ერთადერთი რამ რჩება, რომ თურქებმა აჭარაში  ახლა თავისი გარნიზონიც ჩააყენონ. ისტორიულად ასე იყო და ისტორიის აღდგენაზე თუა  საუბარი, მაშინ გარნიზონიც უნდა ჩააყენონ. ადგილობრივი მუსლიმები ხელმოწერებს აგროვებენ: „თუ მეჩეთი გვენდომება, ჩვენვე ავაშენებთ მას!“ რატომ მაინცდამაინც თურქების მოთხოვნით და მათ როგორიც უნდათ, ისეთი? ქობულეთის რაიონში არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მუხაესტატეა სოფელი, იქ მდებარეობს ხის ჯამე ქართული ორნამენტებით. აჭარელი მუსლიმები ამბობენ, რომ ისეთი მეჩეთი გვინდა, სადაც ქადაგება ქართულ ენაზე იქნება. ეს პრინციპულია. ქართველი მუსლიმებიც  ყურანს ქართულად კითხულობდნენ. ამას აკარგვინებენ.  მეჩეთის აშენება კი არ ითვლება ანტიქართულ საქმედ, როგორც სააკაშვილმა დახატა, არამედ,  70 წლის წინათ არსებული, დამპყრობელი ოსმალოების სალოცავი მეჩეთის აღდგენაა ანტიქართული საქმე.   ეს „გაცვლები“ აღარ მაკვირვებს უკვე. ხომ გახსოვთ გიული ალასანია; მიშა ჯერ ხელისუფლებაში მოსული არც კი იყო, რომ „შავი ზღვის“ თურქულ უნივერსიტეტს ლობირებდა.  ამ „თურქულ კავშირებში“ გიულის კვალი კარგად იკითხება. შორს რომ არ წავიდეთ, მიშას სიტყვებია: „დედამ მასწავლა, რომ თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია და რუსეთის მიზანი იყო, რომ მისგან მტრის ხატი შეექმნათ...“ რუსეთი მტერი ყოფილა და თურქეთი მეგობარი(?!).

– „ისტორიკოს გიული ალასანაიას“ ასე ესმის საქართველოს ისტორია თურქებთან მიმართებაში...

– ისედაც ჩანს მის ქმედებაში, და კიდევ რა ასწავლა, ამასაც მოჰყვება სააკაშვილი თანდათან, ალბათ.

– საქართველოს სიყვარულის გარდა ყველაფერი უსწავლებია. სწავლაზე გამახსენდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეატრალურ უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას სტატუსს უცვლიან. თავის საპარლამენტო გამოსვლაში სააკაშვილმა, ალბათ, ამიტომაც არ ახსენა არც კულტურა და არც კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ერის ისტორიული არსებობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. ერის ცივილიზაცია კულტურით განისაზღვრება და ჩვენ ამით ვამაყობთ. თანაც, რამხელა კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს?!.

სამი უმაღლესის გაერთიანება ახალი არ არის. 70-იან წლებში, შევარდნაძე ცენტრალური კომიტეტის მდივნად ახალი დანიშნული იყო, ეს პროექტი  ცეკას ბიუროზე გავიდა. სამივე უმაღლესი უნდა გასულიყო ქალაქგარეთ. იქ უნდა აშენებულიყო დიდი კომპლექსი, ახლა რომ „კამპუსებს“ ეძახიან, ისეთი საერთო საცხოვრებლებით, სარეპეტიციო, საგამოფენო დარბაზებით, სცენებით და ა. შ. ამ მრავალმილიონიან პროექტს მაშინდელი ბიუჯეტი თავის თავზე იღებდა. სულხან ცინცაძემ ჩაილაპარაკა თავისთვის: „არ გირჩევთ მაგის გაკეთებას...“ შევარდნაძე გამოთქმულ მოსაზრებას ყურს უგდებდა ხოლმე და იზიარებდა. ჩაეკითხა: „რატომ არ ღირს ამის გაკეთება?“ ცინცაძემ უპასუხა: „მე ხომ ვიცი ჩვენი შემოქმედებითი უმაღლესების სტუდენტების ამბავი. გააკეთებთ ამას და მერე კაცი ვერ მიხვდება, ვისი ფუნჯი ვის როიალშია...“ იქ მოკვდა ამაზე საუბარი. ამის უკანაც იგივე დგას, რაც – ყბადაღებული გზების მშენებლობის უკან. აქ  დიდი ფული კეთდება და შორს არ არის დრო, როცა გაირკვევა, რომ ჩვენ პარკეტის დაგების ფასად გვიგებენ გზებს. ამ სამ უმაღლესს ქალაქის ცენტრში სამი არაჩვეულებრივი შენობა აქვს, რომლებიც გათავისუფლდება და გაიყიდება.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსიც გაყიდულია...

– ესენი ხომ სულ გაყიდვაზე არიან. როგორც ნარკომანს ან კაზინოში მოთამაშეს ნელ-ნელა ყველაფერი გააქვს სახლიდან, ისე  იქცევიან. რაღა მაინცადამაინც სიონის გვერდით მოუნდათ კაზინოს აშენება? ეს არის ადამიანების უბედურების სიმბოლო. ხალხმა გაყიდა ყველაფერი და დაენგრა ოჯახები ამის გამო. ესენიც ქვეყანასაც ისე უყურებენ, როგორც საკუთარ ბინას, საიდანაც, რაც უნდათ, გასაყიდად გაიტანენ. იმისთვის, რომ დადგა „თაჩ მი“, რუსთაველზე რეპეტიციების გავლა საჭირო სრულებით არ არის და არც დიდი „გარდასახვა“ ესაჭიროება. 

– ქალბატონო ნანა, არ მინდა, პოლიტიკას შევეხო, მაგრამ არ შემიძლია, არ გკითხოთ.  ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მისი კოალიციის წევრებზე თავდასხმისგან, რადგან ეს მთელ კოალიციაზე თავდასხმად მოიაზრებაო. ერთიანი გუნდური თამაშის პრონციპით, გარკვეულწილად, სწორი პოზიციაა, მაგრამ, ამავე დროს, ამ კოალიციის წევრები აქეთ ესხმიან თავს საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს რა თამაშის პრინციპია, როცა შენს კოალიციაზე არაფერი უნდა ითქვას, კოალიციის წევრები კი სამოქალაქო სექტორს სურვილისამებრ ლანძღავენ? იქნებ  ამ კოალიციის ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი შეგნებულად აკეთებს ამას, რათა ისევ ბიძინა ივანიშვილს გაუფუჭოს საქმე?..

– ეს ნატოს წესდებას ჰგავს. ამ შემთხვევაში, ჩემთვის საინტერესოა ტენდენცია: „თქვენ  არ მოგისმენთ, როგორც გვინდა, ისე მოვიქცევით, თქვენ კი ჩვენზე არაფერი თქვათ“... ასეთი ხელისუფლება ხომ უკვე გვყავს? როდესაც ხელისუფლებაში მოსვლა გინდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას ყურს მიუგდებ, რაღაცას გაითვალისწინებ, ხანდახან შენც დათმობ... მე, ნატოს წესდების არ იყოს, რამდენიც უნდა მიძახონ – ჩემს წევრზე თავდასხმა ჩემზე თავდასხმად აღიქმებაო, ხელი არც მემორანდუმზე მაქვს მოწერილი და არც ნატოს წევრი ქვეყანა  ვარ. ვისაც მინდა, იმას გავაკრიტიკებ. ჩემი მდგომარეობის ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ის არის, რომ შეფასებებში თავისუფალი ვარ. 

– ვფიქრობ, არა მარტო ხიბლი, არამედ ყველა ადამიანის უფლებაცაა, შეფასებებში თავისუფალი იყოს...

– ვინც უნდა მომიწოდოს, რაც არ მომწონს, იმას სააკაშვილზეც ვიტყვი, ივანიშვილზეც, პეტრეზეც და პავლეზეც და ამას ვერავინ დამიშლის. რაც შეეხება შენი შეკითხვის მეორე ნაწილს, გეკითხები: თუ შენთვის ყველას კრიტიკა, იარლიყების, წოდებებისა და კლიშეების მინიჭება ნებადართულია – ის „რუსოფილია“, ეს „ქსენოფობია“, ის „რასისტია“... ვერ ხვდები და იქნებ ამიხსნა: შენ რა, ამ ტერმინოლოგიის პრივატიზაცია გაქვს გაკეთებული? მე რატომ  ვერ გამოვიყენებ იმავეს, რაშია საქმე? არ მინდა ასეთი დემოკრატია. ევროპა, ალბათ, განცვიფრდება, მაგრამ მე ეს „განცვიფრებები“ მეყო.

ისტორიულ მოვლენებსა და პროცესებს ხანდახან შემთხვევითობები განაპირობებს ხოლმე. მოსკოვში დეკემბრის მიტინგებზე თეთრი ლენტების დარიგების ფაქტი ხომ გახსოვთ?

– ჩვენთანაც ეკეთა ოპოზიციას ასეთი...

– ეგ კიდევ სხვა მომენტია. ეს ლენტები  იმავე „ლაბორატორიაშია“ მოფიქრებული , სადაც ვარდები, ტიტები, კედარები, ფორთოხლები და ა.შ. საიდან გაჩნდა ეს თეთრი ლენტები? რა არის რუსეთის სიმბოლო? – რუსული ზამთარი, თეთრი თოვლი... ეს წამოვიდა აქედან. საოცარი რამ მოხდა. დეკემბერში, ისტორიაში ჯერ  რომ არ მომხდარა, ერთი ფიფქიც არ ჩამოვარდა მოსკოვში და ამ „რევოლუციურმა“ სიმბოლომ  აზრი დაკარგა. ჩვენ რამდენიც  უნდა ვეცადოთ, რაღაცაში ზემოდან ცოტა ღმერთიც უნდა მოგვეხმაროს. ჰოდა, არ მოეხმარა ღმერთი ამ შემთხვევაში.

ადრეც მითქვამს, მთელი ამ მზადებისთვის – 2003 წელი რომ მომხდარიყო,  ჟვანიამ 1995 წლიდან იმუშავა. დღევანდელ ოპოზიციას ჰგონია, რომ ხალხი თავისით, სტიქიურად გამოვიდა და ღირსება დაიცვა. არ არის ასე. ეს არის ისეთივე პროფესია, როგორც ჟურნალისტის, ინჟინრის, ექიმის. ეს არის პროფესია და ხელობა. არის პერიოდები, როცა შენც დილიდან დილამდე უნდა იმუშაო, თუ გინდა, გამარჯვებას მიაღწიო.

– ისიც „ზემოდან ხომ არ ხდება“, რომ გრძელი და ლამაზი  ვარდები, რომლებიც საქართველოში ხარობდა და ბევრჯერ მოურთმევიათ ოჯახში, 2003 წლის შემდეგ აღარ ხარობს და შერონ სტოუნისთვის რამდენიმე ათასი ვარდი ლათინური ამერიკიდან ჩამოატანინეს?

– ვარდი როგორ არ ხარობს, მაგრამ შინაარსია მთავარი.  დანიშნულებისთვის უნდა გამოიყენო და არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის. ვარდი თვალსა და გულს უნდა ახარებდეს და არა სახელმწიფო გადატრიალების რეკვიზიტს წარმოადგენდეს.

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საქინფორმი