თბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „ივერია-რედისონში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით „ევროკავშირ-აღმოსავლეთპარტნიორობის“ პირველი ფორუმი იმართება.
ფორუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.ფორუმის მუშაობაში მონაწილობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო მედიისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
2011 წლის სექტემბერში გამართული აღმოსავლეთპარტნიორობის ვარშავის სამიტის თემატიკას ეხმიანება ფორუმზე განსახილველი საკითხები, სადაც იმსჯელებენ აღმოსავლეთპარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის როლის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, აგრეთვე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ხალხთა შორის კონტაქტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთპარტნიორობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომელსაც საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა. ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. აღმოსავლეთპარტნიორობა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებისაკენ ერთობლივ სწრაფვას ემსახურება. ამ ფორმატში თანამშრომლობა სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს.