სამართალი
ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატას უჩივის

ivanishvili-kontr-palataთბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმისთვის კონტროლის პალატას სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

“კონტროლის პალატის მიერ მიღებული კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ უკანონოა იმის გამო, რომ მისი ქმედება უკანონოდ შეიძლება ჩათვლილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფიზიკური პირები, ადვოკატები, პიარისტები გაუთანაბრდებოდნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. აქედან გამომდინარე, კონტროლის პალატას ამ უკანონო გადაწყვეტილებით გამოუვიდა ისე, რომ თითქოს ადვოკატები, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტები პოლიტიკური პარტიები არიან“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული საქმისწარმოება ფიზიკური პირის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პირადი ანგარიშიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე, რომლის შედეგად ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით 272 597 ლარის გადახდა დაევალა.