პოლიტიკა
NDI პარტიათა რეიტინგის თაობაზე

1kukava11თბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. NDI – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი  პარტიების რეიტინგების თაობაზე არასწორად გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარტიათა რეიტინგები ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია.

NDI სპეციალური განცხადებით ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებაში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ლიდერ კახა კუკავას მიერ გაკეთებულ განცხადებას და „კვირის პალიტრის“ გაყალბებული ვებგვერდით „თბილისის ფორუმზე“ გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას გამოეხმაურა.

NDI განცხადებაში აღნიშნავს, რომ კუკავამ კვლევის კომენტირებისას კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცალკეული პარტიის რეიტინგებზე ისაუბრა.

„გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოთ ხსენებული რეიტინგების წყარო „NDI“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის და ის სიმართლეს არ შეესაბამება. „NDI“-ის პარტიების რეიტინგების შესახებ ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია და, შესაბამისად, პარტიების მხარდაჭერის მაჩვენებლებთან დაკავშირებით ბატონი კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია „NDI“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ასახავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება „თბილისის ფორუმზე“ გამოქვეყნებულ ცრუ პარტიულ რეიტინგებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ „NDI“-ის წარმომადგენელი „კვირის პალიტრის“ რედაქციას ესაუბრა, სადაც დაადასტურეს, რომ ვებგვერდი, რომელზეც აღნიშნული ინფორმაცია განთავსდა, „კვირის პალიტრის“ ვებგვერდს არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მასზე განთავსებული ინფორმაცია „კვირის პალიტრის“ რედაქციას არ გამოუქვეყნებია.

NDI ყველა მედიასაშუალებას მიმართავს თხოვნით, ინფორმაცია არ დაამახინჯონ და მასალებში კვლევის ოფიციალური, „NDI“-ის მიერ დარიგებული, ვერსია გამოიყენონ.