საზოგადოება
სირიიდან აფხაზეთში მუჰაჯირების შთამომავალნი ბრუნდებიან

iz-siriiთბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. როგორც „ამერიკის ხმა“ იუწყება, სირიიდან წინაპართა სამშობლოში, აფხაზეთში, მუჰაჯირები ბრუნდებიან. წყაროს ცნობით, დამასკოელი არქიტექტორი ნიშან ვანაჩა და ინდუსტრიული კოლეჯის კურსდამთავრებული შამილ მარშანი აფხაზური ფესვების პირველი სირიელები არიან, რომლებმაც სამოქალაქო ომში გახვეული სირია დატოვეს და აფხაზეთში გადასახლდნენ. ორივე რეპატრიანტი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ სოხუმში დასასვენებელ სახლ „აფხაზეთში“ დაასახლა, შემდეგ კი ქალაქიდან 23 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში, გამოუყო საცხოვრებელი სახლები.

ვინაიდან ორივე რეპატრიანტმა სამსახური სოხუმში იშოვა, მათ დრანდა მალევე დატოვეს და საცხოვრებლად ისევ სოხუმში დაბრუნდნენ. ვანაჩას და მარშანის წინაპრები აბჟუები, ანუ კოდორიდან ღალიძგამდე მცხოვრები აფხაზები იყვნენ, რომლებიც სხვა მუჰაჯირებთან ერთად რუსეთმა 1821-1877 წლებში მასობრივად გაასახლა. ორივე რეპატრიანტი აპირებს, აფხაზეთში ოჯახის წევრებიც (სულ ცამეტი ადამიანი) ჩაიყვანოს. ცნობილია, რომ მათ გარდა, სირიიდან სოხუმში საცხოვრებლად ბზიფელი აფხაზების შთამომავალი ლეიბაც გადავიდა.

აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას ნიშან ვანაჩამ და შამილ მარშანმაც აღნიშნეს, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებით კმაყოფილნი არიან.

წყაროს ცნობით, აფხაზეთის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს გამოთქვა მზადყოფნა, რომ სირიიდან აფხაზური ფესვების მოქალაქეების რეპატრიაციისთვის ხელი შეეწყო. თავდაპირველი ინფორმაციით, 23-მილიონიან სირიაში 5 000-მდე აფხაზი ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დამასკოში სეპარატისტების დელეგაცია ჩავიდა, დაზუსტდა, რომ სირიაში 8 000-დან 10 000-მდე აფხაზურ-ადიღეური ფესვების მქონე სირიელი ცხოვრობს.

აფხაზური წყაროების ცნობით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში საცხოვრებლად 200-მდე აფხაზურ-ადიღეური ფესვების მქონე სირიელი ჩავიდა. ნაწილი ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა და შემდეგ იქ საცხოვრებლადაც დარჩა, ცხოვრების პირობებით უკმაყოფილო ნაწილი კი ისევ სირიაში დაბრუნდა. მათ შორის 1992-1993 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფადილემ არუტაა. დღეისათვის ყველაზე ცნობილი სირიელი აფხაზი, რომელიც სოხუმში ცხოვრობს, რეჯეპ უშაჩაა. იგი სოხუმში ყოველკვირეულ გაზეთ „ადუნეის“ გამოსცემს. საბოლოო ჯამში აფხაზეთში სირიიდან 500-ზე მეტ პოტენციურ რეპატრიანტს არ ელოდებიან.

აფხაზი საზოგადოება ფიქრობს, რომ სირიიდან რეპატრიაციის პროცესის დაჩქარება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსკოვი იმ მუჰაჯირების შთამომავლებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს ხელისუფლება სირიიდან აფხაზეთში რეპატრიაციის პროცესს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.