თბილისი, 23 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს იაპონიის საელჩოდან ატყობინებენ, წელს აღინიშნება იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი. ამ იუბილეს აღსანიშნავად იაპონიის საელჩომ თებერვალსა და მარტში ჩაატარა რიგი კულტურული ღონისძიებები „იაპონური გაზაფხულის“ – იაპონიის კულტურის თვის, ფარგლებში. „იაპონიის გაზაფხული“ დაიხურება იპონური კინოს ფესტივალით, რომელიც 23-25 მარტს ჩატარდება კინოთეატრ „რუსთაველში“.
იაპონური კინოს ფესტივალი დღეს გაიხსნება მხატვრული ფილმით „რა მოაქვს თოვლს“, რომელმაც ტოკიოს მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე ოთხი ჯილდო აიღო.კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას და ფილმის ჩვენებას დაესწრება იაპონიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში, ბატონი მასაიოში კამოჰარა.
24 და 25 მარტს, ამ ფილმთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი იქნება მხატვრული ფილმი „ვანკო: ამბავი ჩემზე, ჩემს ოჯახზე და ჩემს ძაღლზე“ და ანიმაციური ფილმი „ცეროდენა მარუკო“.
ყველა ფილმი წარმოდგენილია იაპონურ ენაზე თანდართული ქართული სუბტიტრებით. დასწრება თავისუფალია.