სამართალი
კამპანია „ეს შენ გეხება“ შეთანხმებას მიესალმება

fosta-es-Sen-gexebaთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. კამპანია „ეს შენ გეხებას“  მონაწილეები დადებითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა  და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს  შორის გარკვეულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმების ფაქტს  და პარლამენტის მზაობას –  გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით.

კამპანიის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ  მიღწეული შეთანხმება სრულად იქნება ასახული პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში და გაგრძელდება თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან  საარჩევნო გარემოს გაუმჯებესებისთვის  და  კანონმდებლობის დასახვეწად.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონის სათანადო აღსრულება, კონტროლის პალატის მოქმედება მკაცრად რეგულირებულ ჩარჩოებში, რათა გამოირიცხოს  კანონდარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობა“, – ნათქვამია კამპანიის განცხადებაში.

„ეს შენ გეხებას“ მონაწილეები აღნიშნულ შეთანხმებას განიხილავენ როგორც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და  მოქალაქეთა ერთიანი ძალისხმევისა და საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგს.

კამპანიის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ეს არის პირველი წარმატებული ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყვეს სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი აქტიურობა თავისუფალი და სამართლიანი გარემოს შექმნისთვის.