თბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამჟამად ქვეყანაში დემოკრატიაა, 34 პროცენტი საპირისპიროს ფიქრობს, ხოლო 17 პროცენტს შესაბამის კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 58 პროცენტისთვის დემოკრატია სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს, 39 პროცენტისთვის – კანონის წინაშე ყველას თანასწორობას, 29 პროცენტისთვის – ადამიანის უფლებათა დაცვას, 17 პროცენტისთვის – სამუშაო ადგილებს, 17 პროცენტისთვის – სამართლიან არჩევნებს, 15 პროცენტისთვის – თავისუფლებას, 5 პროცენტისთვის – მთავრობის ანგარიშვალდებულებას, ხოლო 2 პროცენტისთვის – სხვადასხვა პროდუქტის შეძენის შესაძლებლობას.43 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ გაუმჯობესებას კიდევ საჭიროებს; 21 პროცენტის აზრით, საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება; 13 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის; 13 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო მომავალში დემოკრატიული შეიძლება გახდეს, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება; 1 პროცენტის აზრით, საქართველო უკვე არის დემოკრატიული და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს; 1 პროცენტის თქმით კი, საქართველო არ არის და არც არასდრის იქნება დემოკრატიული.
კვლევის მიხედვით, პოლიტიკაზე მხოლოდ გამოკითხულთა 55 პროცენტი საუბრობს. ამ ადამიანების უმეტესობა, 84 პროცენტი, პოლიტიკის შესახებ სახლში ლაპარაკობს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთაგან პოლიტიკის შესახებ ინტერნეტფორუმებსა და სოციალურ ქსელებში არცერთი პროცენტი არ საუბრობს.