თბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის – ირაკლი ალასანიას, მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილი მასალები არ შეიცავს არანაირ ღირებულ ინფორმაციას.
ირაკლი ალასანიამ 20 მარტს განაცხადა, რომ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე მასალას უშიშროების საბჭოს აწვდის რეაგირების მოსახდენად. მისი თქმით, ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ ფლობს კონკრეტულ მასალებს – სრულ ინფორმაციას მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ.„საქართველოში არ არსებობს არანაირი არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები, – განუცხადა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს. – არსებობს მხოლოდ პოლიცია, შეიარაღებული ძალები, რეზერვი და ეს შენაერთები ფუნქციონირებენ კანონის სრულ შესაბამისობაში. ბრალდებები, რომ თითქოს ისინი არიან არაფორმალური სამხედრო ორგანიზაციები ან ეგრეთ წოდებული ჰომსის ან სირიის სცენარის წინასწარმეტყველება საქართველოში, არის აბსურდი და მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია“.
„წარმოდგენილი მასალები არ შეიცავს არანაირ ღირებულ ინფორმაციას. იქ არის მხოლოდ გვარები და სახელები ჩამოთვლილი, რომელთა ძირითადი ნაწილი არის მოქმედი ან ყოფილი სამხედროები ან პოლიციელები“, – განაცხადა ქუთელიამ.