პოლიტიკა
„NDI“-ს კვლევა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით

NDI-biZinaთბილისი, 22 მარტი, საქინფორმი. 21 მარტს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში რესპონდენტთა 70% ფიქრობს, რომ ოპოზიციური კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს უნდა აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობ.

კვლევა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩაატარა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითად შერჩეული 3 161  რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე. კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარიც პლუს-მინუს 3%-ია, შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

გამოკითხულთა 87%-მა იცის იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ოქტომბერში პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუწყდა მოქალაქეობა. 65% ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს და მხოლოდ 13% მიესალმება. 80%-თვის ცნობილია, რომ ივანიშვილის ცდილობს მოქალაქეობის აღდგენას; მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წინააღმდეგი რესპონდენტთა 8%-ია.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა პრეზიდენტს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭების განაცხადით 5 იანვარს მიმართა, რაზეც გადაწყვეტილება სამ თვეში, 5 აპრილისთვის უნდა იქნეს გამოტანილი. თუ ივანიშვილი მოქალაქეობას ვერ აღიდგენს, მას არ ექნება უფლება, გახდეს პარტიის ლიდერი და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.