პუბლიკაციები
"ბასს ვინ ჰკითხავს, როცა ჩვენი რაიკომის მდივანი აქ არის"

ciskarishvili"ვინ არის ჯონ ბასი, რომ მისი გაღიზიანება ჩვენთვის შემაშფოთებელი იყოს? ან რატომაა აშშ-ის ელჩი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ვიდრე თუნდაც საქართველოში რუმინეთის ელჩი? ხალხს ზღაპრების სჯერა. სჯერა, რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტება ამერიკაში გადაწყდა და მომავალი ხელისუფლების ბედიც თეთრ სახლში გადაწყდება. ის, რომ ჯონ ბასი შეშფოთდა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენთვის არც გადამწყვეტია. ჩვენ ვერ ვიქნებით იმაზე ორიენტირებულნი, შეშფოთდება თუ არა ჯონ ბასი~, - ეს არის ამონარიდი ინტერვიუდან, რომელიც კაკო ბობოხიძემ გაზეთ `ვერსიას~ მისცა. ბობოხიძემ იგივე არაერთი ჟურნალისტის თანდასწრებით პარლამენტში გაიმეორა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "საქართველოვ, სდექ, ზურგისაა-კენ! სირიისკენ ნაბიჯით იარ!" / "ბასს ვინ ჰკითხავს, როცა ჩვენი რაიკომის მდივანი აქ არის".

"ბობოხიძემ პარლამენტში განაცხადა: "ჩვენ მივეჩვიეთ, რომ საქართველოში ზის აშშ-ის ვიღაც წარმომადგენელი და მისი სიტყვა არის გადამწყვეტი მოსახლეობისა და ხელისუფლებისთვის. არა მხოლოდ ამერიკის ელჩის, არამედ ნებისმიერი ელჩის პოზიცია არის ანგარიშგასაწევი, მაგრამ ეს არ არის დირექტივა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს ხელისუფლებას დირექტივას ვერ მისცემს, მაგრამ თუ მაინც აძლევს ასეთ დირექტივას და ხელისუფლება იღებს, მე ასეთი არც ხელისუფლება მინდა და არც ელჩი. ვერ გავიგე, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მარიონეტზე". ბოლო ხანს, როგორც წესი, კაკო ბობოხიძე იმ საპარლამენტო უმრავლესობაშია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" უფრო მაღალ ეშელონებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ახმოვანებს. ამიტომაც, ეს მხოლოდ ბობოხიძის თვალსაზრისი აშკარად არ არის", - აღნიშნავს გამოცემა.

"მით უფრო, რომ მანამდე საელჩოები დატუქსა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მას საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც დაეთანხმა. მაშ, რა ხდება, როდიდან გახდა საქართველოს ხელისუფლებისთვის აშშ-ისა და ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება უმნიშვნელო? ხომ არ გვაქვს საქმე ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან? შეიძლება საკითხის ამგვარად დასმა ჯერჯერობით ნაადრევი და გაზვიადებულია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ხანს ხელისუფლების წარმომადგენლები დასავლეთის ქვეყნებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის შენიშვნებს საკმაოდ აგრესიულად ხვდებიან და მათ იგნორირებას ცდილობენ. რა ხდება?", - დასძენს გამოცემა.

" საქართველოვ, სდექ, ზურგისაა-კენ! სირიისაკენ ნაბიჯით იარ! _ სამწუხაროდ, აი, ეს ხდება. ის განცხადებები, რაც დღეს გვესმის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ამერიკის ელჩისა თუ სხვა საელჩოების მისამართით, აშკარა მინიშნებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ტყავის გადასარჩენად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზად არის, სულ სხვა ნავში გადაჯდეს და ქვეყანაც გადაიყოლოს. მათ უკვე გაუქრათ ილუზია იმისა, რომ შეძლებენ მისწვდნენ დასავლურ ღირებულებებს. ისე შეტოპეს, რომ უკან გამობრუნება უჭირთ, წინ კი, ჩვენდა სავალალოდ, სირია, ირანი, ვენესუელა და მსგავსი ქვეყნებია. ამათ თუ ხელისუფლებაში დარჩენა მოახერხეს, მერწმუნეთ, ჩვენს პრეზიდენტს ხშირად ვიხილავთ ვიზიტით ამ ქვეყნებში, აი, ბობოხიძე და მისნაირები კი დაგვარწმუნებენ, ამით ჩვენს ქვეყანას რამხელა პერსპექტივა ეხსნება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

"სააკაშვილის განცხადება, რომ "უცხო ქვეყნების საელჩოებში საქართველოს მოქალაქეებს ცუდად ექცევიან, რაც უნდა დამთავრდეს" - ეს არის მზაკვრული მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება დაუპირისპიროს საელჩოებს და საერთაშორისო საზოგადოებას. აქამდე არ იცოდა, რა ხდებოდა საელჩოებში? სად იყო აქამდე, რატომ არ გააკეთა ამაზე განცხადება? ან ახლა რა საჭირო იყო ამის თქმა, როდესაც ვითარება აშკარად უმჯობესდება და აგერ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლაზე გვესაუბრება. ეს განცხადება, ერთი მხრივ, არის მცდელობა, მოიგოს ქართველი საზოგადოების გული, მეორე მხრივ კი დირექტივაა "ნაცარხებისთვის", დაიწყონ დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და საელჩოებს შეუტიონ", - განმარტავს ექსპერტი.

"რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას, აშკარაა, რომ სააკაშვილი ცდილობს ჩრდილოეთისკენ ნაბიჯების გადადგმას, ოღონდ რის ფასად, აი, ეს არის საკითხავი! ამ ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილი საქართველოს ევრაზიის კავშირში შეიყვანს-მეთქი. ეს იყო ჩემი შავი პროგნოზი, რაც იმედია არ ახდება, თუმცა თუ სააკაშვილის ხელისუფლებას ამ მოფამფალებულ ვითარებაში შესთავაზეს იქ შესვლა და ხელისუფლებაში დარჩენის გარანტია მისცეს, ის აუცილებლად შეიყვანს საქართველოს ამ კავშირში. შემდეგ კი გაბაშვილები, კუბლაშვილები, წიკლაურები დაგვიმტკიცებენ, ეს რამხელა ბედნიერებაა", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

http://www.presage.tv/?m=digest&AID=10921