თბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer job“-ის რეგისტრაცია სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს პროგრამაში დარეგისტრირებისთვის ერთთვიანი პერიოდი ჰქონდათ გამოყოფილი, ვაკანტური სამუშაო ადგილები თითქმის ერთ დღეში შეივსო.
„Summer job“-ის რეგისტრაცია გუშინ, 20 მარტს დაიწყო და გუშინვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შეთავაზებული 25 000 სამუშაო ადგილზე 24 965 სტუდენტი დარეგისტრირდა. ამ დროისთვის დარჩენილია 35 ვაკანტური ადგილი. სტუდენტები სპეციალურად აღნიშნული პროგრამისთვის შექმნილ ვებგვერდზე www.summerjob.ge-ზე დარეგისტრირდნენ. 20 მარტს აღნიშნულ საიტზე უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა – 277 000 გვერდის სტუმარი, 2 764 329 საიტის ნახვა და 124 000 უნიკალური ვიზიტორი“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.P.S. გავრცელებული ხმების თანახმად, ვაკანტური ადგილები უკვე 20 მარტამდე იყო შევსებული და დასაქმდებიან, ძირითადად, სტუდენტურ თვითმმართველობაში გაერთიანებული „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.
არადა, 20 მარტს ყოვლად შეუძლებელი იყო „Summerjob.ge“-ზე შესვლა, ვაკანსიების დათვალიერება და, მით უმეტეს, დარეგისტრირება, რადგან რედაქციაში შემოსული უამრავი ზარი ერთმა და იმავე ფაქტმა გამოიწვია – საიტზე ვერ შედიოდნენ ან არ მოხდა სტუდენტის იდენტიფიკაცია.
რა პასუხს გასცემს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ აშკარად დისკრიმინირებულ სტუდენტებს. პრეზიდენტის ინიციატივა – ზაფხულში ყველა სტუდენტი დასაქმდეს, ეხებოდა თუ არა ყველა სტუდენტს???