სამართალი
უფასო იურიდიული დახმარება დევნილი მოსახლეობისთვის

FOSTA-DAXMAREBAთბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ადამიანის უფლებათა ცენტრიდან ატყობინებენ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სოფელ წეროვანის მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენს. დევნილებთან შეხვედრები და კონსულტაციები წეროვანის გამგეობის შენობაში გაიმართება.

ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სისხლის სამართლის საკითხებზე აღმოუჩენენ.

ასეთი სახის შეხვედრას წეროვანის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც დევნილებს, უმეტესწილად, არ გააჩნიათ საკმარისი შესაძლებლობები სრულფასოვანი იურიდიული მომსახურების მისაღებად. ამასთან, ადვოკატების ვიზიტი ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას და სამართლებრივი აზროვნების განმტკიცებას საზოგადოებაში.

კონსულტაციები ჩატარდება ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის – „უფასო იურიდიული დახმარება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“ – ფარგლებში. დევნილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სამართლებრივ დახმარებაზე ზრუნვას ადამიანის უფლებათა სახლი და ადამიანის უფლებათა ცენტრი მომავალშიც გააგრძელებენ.