საზოგადოება
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

parlamenti_sulaთბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა შედგა.

სხდომათა დარბაზში მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. პარლამენტში მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია არ იმყოფებოდა, რადგან იგი ამ დროისათვის ლონდონში მართავდა შეხვედრებს.

შეგახსენებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის სახით მთავრობაში რიგით მეშვიდე მინისტრი შეიცვალა, რასაც პარლამენტისაგან მთავრობისათვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურა სჭირდებოდა. მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით, განახლების შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს საკადრო ცვლილებიდან ერთი კვირის ვადაში ნდობის მისაღებად მთელ მთავრობას წარუდგენს.

ანდრია ურუშაძეს ზურაბ ჭიაბერაშვილი ცვლის, თავად კი სოციალურ საკითხებში თბილისის ვიცე-მერი გახდა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად 2009 წელს ასახელებს. მისი თქმით, ამ წელს სამი სხვადასხვა პრობლემა იყო – რუსეთის აგრესიის შედეგი, საერთაშორისო საფინანსო კრიზისის შედეგი და შიდაპოლიტიკური არეულობა.

„მაშინ რეალურად ქვეყანა იყო ეკონომიკის უდიდესი პრობლემის წინ. ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ ეკონომიკა ჩამოიშლებოდა და ათობით ათას სამუშაო ადგილს დავკარგავდით, ბევრი კერძო კომპანია გაკოტრდებოდა, შემცირდებოდა პენსიები, ხელფასები, მაგრამ არცერთი არ მომხდარა“, – დასძინა პრემიერმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობამ მაშინ საკმაოდ კარგი ანტიკრიზისული პაკეტი წარუდგინა საზოგადოებას და, რეალურად, პროგრამა ძალიან მოკლე დროში განახორციელა.
„ეს იყო, 2,2-მილიარდლარიანი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი – საბანკო რეგულაცია შევასუსტეთ, რამაც განაპირობა ის, რომ ეკონომიკაში ბევრი ფული შევიდა“, – განაცხადა გილაურმა და დასძინა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის ყველაზე სწრაფი ზრდა საქართველოში ფიქსირდება.
„მაშინ ვიბრძოდით სამუშაო ადგილების გადასარჩენად, დღეს კი ვიბრძვით სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, – განაცხადა გილაურმა პარლამენტში.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტში ნიკა გილაურმა წარადგინა მთავრობის პროგრამა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა. გილაურმა განაცხადა, რომ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა აქვს და ის რეფორმების ექსპორტიორი ქვეყანა ხდება.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ის 31 პროცენტს  შეადგენდა და წლის ბოლოსთვის ის 30 პროცენტზე ნაკლები იქნება. მან, ასევე, განაცხადა, რომ მიმდინარე ანგარიშის 10-პროცენტიანი დეფიციტი ამჟამად ყველაზე პრობლემატური საკითხია და მთავარ მიზანს 2015 წლისთვის მისი განახევრება წარმოადგენს. სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა განაცხადა დეკემბერში, რომ საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელმაც 2011 წელს მშპ-ის 11 პროცენტი შეადგინა, ქვეყნისთვის სუსტ მხარეს წარმოადგენს და ის არ ელის ამ მაჩვენებლის დიდად შემცირებას.

პარლამენტმა მთავრობას და მის პროგრამას ნდობა მაინც გამოუცხადა, რასაც მხარი დაუჭირა 101 ხმით 16-ის წინააღმდეგ.