საზოგადოება
თარგამაძე სამოქალაქო ომზე საუბრის წინააღმდეგია

lider-XDDთბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს მოუწოდა, იყვნენ ფრთხილნი, როცა სამოქალაქო ომის თაობაზე ურთიერთბრალდებებით გამოდიან, რადგან ეს პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიუღებელი გზაა.

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება საარჩევნოდ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა და ივარაუდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის ემზადება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ დამუქრება სამოქალაქო ომით უზნეობა და იდიოტიზმია.

თარგამაძის თქმით, არჩევნების წინ ყველაზე პოპულარული თემა გახდა ახალი სისხლისღვრა და ძმათამკვლელი ომი.

„არ უნდა დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი? და ვინ იძლევა ამის სტიმულს? – განაცხადა მან მთავრობის დამტკიცების დროს 20 მარტს თავის საპარლამენტო გამოსვლაში. – ამის სტიმულს იძლევა დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი – ხელისუფლებაც და ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან კი არა, ჩვენი მხრიდანაც მოსახლეობის დაშინება, ეს არის ერთადერთი და სწორი გზა პოლიტიკური ტემპერატურის აწევის“.

მისი თქმით, ეს არის ყველაზე საშიში გზა და კიდევ ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა, რამაც 90-იანი წლების დასაწყისში შეიწირა თაობები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს თუ კიდევ ერთხელ გამეორდა, თარგამაძის თქმით, ქვეყნის გაერთიანების იდეაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.

„სწორედ ამის გამო მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტ სააკაშვილს, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ლიდერს, ვიყოთ ფრთხილები, თუნდაც სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების ხსენებასთან დაკავშირებით, რადგან ის, რის თაობაზეც აქტიურად საუბარს იწყებენ საზოგადოებაში პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, როგორც წესი, ქართულ სინამდვილეში რეალობად იქცევა ხოლმე“, – განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა.