პოლიტიკა
ჯონ ბასის კომენტარი ალასანიას განცხადების თაობაზე

john-bass14578თბილისი, 21 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა,  რომ ძალადობის შესახებ ბრალდებები ან პროგნოზები ყოველთვის შემაშფოთებელია და მოუწოდა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ისეთი ბრალდებების გაკეთებისგან, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით ვერ გამყარდება.

კითხვაზე – სწავლობს თუ არა აშშ-ის საელჩო უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, აშშ-ის ელჩმა უპასუხა: „ყოველთვის ძალიან შეწუხებული ვარ, როდესაც საარჩევნო კამპანიასა და გარემოსთან დაკავშირებით ძალადობის შესახებ ბრალდებები ან პროგნოზები კეთდება“.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ გავუსვით ხაზი ყველა მხარესთან, რომ ძალადობას არ აქვს ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში და დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს არ შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას.

„და ვფიქრობ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაში დღეს ჩართული ყველა პირი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხებს, რაც იმას გულისხმობს... რომ არ გაკეთდეს ისეთი ბრალდებები, რომლებიც ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით ვერ გამყარდება“, – განაცხადა ბასმა.

„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა საარჩევნო მიზნებით სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, რაშიც მან ბაჩო ახალაია და მისი ოჯახი დაადანაშაულა. მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს დაჯგუფებები პრეზიდენტის დავალებით იქმნება და ამის შესახებ ფლობს კონკრეტულ მასალებს – სრულ ინფორმაციას მათი დისლოკაციის, შემადგენლობის, შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ, რომელსაც გასაჯაროების გარეშე აწვდის უშიშროების საბჭოს რეაგირების მოსახდენად.

მოგვიანებით ალასანია ჯონ ბასს შეხვდა, თუმცა შეხვედრის დეტალები უცნობია.