პუბლიკაციები
ვიტიროთ თუ გვიხაროდეს?

Copy-of-saaakaaa2008 წლის აპრილი... გუშინდელი დღესავით მახსოვს – რუსთაველის გამზირზე თმაჭაღარა ქალი მობარბაცებს და მოსთქვამს: „ვაი, ჩემს დღეს, ნატო, ვაი, ჩემს დღეს!..“ „ალბათ, ამ საცოდავს შვილი მოუკვდა, სახელად ნატო!“ – იფიქრეს გამვლელებმა და მხოლოდ შემდეგ, როცა იქვე ბაღის სკამზე დასვეს და ვალერიანის წვეთები დაალევინეს, გაირკვა – ის იმიტომ წუხდა, რომ წინა დღეს, 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე საქართველო ნატოში არ მიიღეს! „დიდი პროპაგანდისტი გებელსი მისი ფეხის ფრჩხილად არ ღირს! – გავიფიქრე მაშინ სააკაშვილის მისამართით, – არ გინდა, ხალხი ასე გააბრიყვო?!.“ ხვალ კი 2008 წლის აგვისტო იყო...

2012 წლის მარტი... ისინი ისევ ერთად გამახსენდა - საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი და მესამე რაიხის პროპაგანდის რაიხსმინისტრი: 3 მარტს მიხეილ სააკაშვილი თბილისის გარეუბანში - ვაზიანში სამხედრო პოლიგონზე იმყოფებოდა, სადაც ქართული წარმოების პირველი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო დანადგარის პრეზენტაცია გაიმართა. "ჩვენთან ამ მიმართულებით წარმოებაზე რამდენიმე ათასი ადამიანია დაკავებული, ისინი მუდმივად დასაქმებული არიან!" - დაიტრაბახა მიშამ საჩვენებელი გამოცდის შემდეგ და მაშინვე გამახსენდა, რომ  ომის წინ ფაშისტურმა გერმანიამ ასევე გადაჭრა უმუშევრობის პრობლემა: ვისაც არმიაში არ იწვევდნენ, ისინი სამხედრო ქარხნებში იარაღს ამზადებდნენ.

ნუთუ 2012 წლის აგვისტო ახლოვდება და "უავგუსტოესმა პერსონამ" რევანშის აღება გადაწყვიტა?! თანაც წინა დღეს, 2012 წლის 2 მარტს, სტუდენტებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა წაიქილიკა, რომ პირველი სამამულო საარტილერიო დანადგარი უკეთესია, ვიდრე ისრაელის GRADLAR (LAR-160) - სწორედ ის "გრადები", რომლებმაც რეაქტიული ზალპებით გაარღვიეს 2008 წლის აგვისტოს ღამე ცხინვალში... მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ახლა რუსეთი იცავს, რომელთან ომს აშშ-ც კი ერიდება!

"2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩვენ ჭკუა ვისწავლეთ, მივხვდით, რომ საკუთარი თავის გარდა არავის იმედად არ უნდა ვიყოთ! ვიღაც-ვიღაცებს ვემუდარებოდი, არტილერია მოეწოდებინათ... ხან ემბარგოს ადებდნენ, ხან არა... ახლა დაინახონ და დაინტერესდნენ!" - ეს ფრაზები შემთხვევით აშკარად არ თქმულა. მას შემდეგ, რაც ისრაელმა რუსეთს ირანისთვის მიწოდებული რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესახებ საიდუმლო ტექნიკური ინფორმაციის სანაცვლად საქართველოსთვის მიყიდული უპილოტო საფრენი აპარატების კოდები გადასცა, საქართველო სასწრაფოდ შეუდგა საკუთარი სამხედრო ტექნიკის წარმოებას, მათ შორის - უპილოტო საფრენი აპარატების, რომლებიც Hermes-სა и Skylark-ს შეცვლის,  ისრაელის კომპანია Elbit Systems 2007 წლიდან რომ გვაწოდებდა.

მართალია, თავდაპირველად ისრაელელები აღშფოთდნენ, შარშან Elbit Systems-მა საერთაშორისო სასამართლოებში დავაც კი წამოიწყო და საქართველოს მთავრობისგან კონტრაქტის შეუსრულებლობისთვის 100 მილიონ დოლარს ითხოვდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მძევლად აიყვანა ისრაელელი ბიზნესმენები ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი, მით უმეტეს კი მას შემდეგ, რაც WikiLeaks-მა ამერიკული კომპანია Stratfor-ის კონფიდენციალური წერილი გაავრცელა, რომელიც რუსეთისთვის უპილოტო აპარატების კოდების გადაცემის შესახებ ზემოხსენებულ ინფორმაციას შეიცავდა, ისრაელის მხარემ პრეტენზიებზე უარი თქვა ორივე მხარის, განსაკუთრებით კი ბედკრული ბიზნესმენების გასახარად, რომლებიც ციხის საკნიდან პირდაპირ აეროპორტში გაიქცნენ, თელ-ავივის რეისზე.

სააკაშვილის მიერ ვაზიანში ნათქვამ კიდევ ერთ ფრაზას შეგახსენებთ, რომელიც არაორაზროვნად ადანაშაულებს  ისრაელს: "საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ჩვენი ტექნიკა ოთხჯერ უფრო იაფი გვიჯდება, არამედ ის, რომ ახლა არ ვართ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცა მოგვატყუებს, ვიღაცა ინფორმაციას სხვებს მიაწოდებს, ვიღაცა გადამწყვეტ მომენტში უარს გვეტყვის, მოწოდებას შეაჩერებს... ეს - ჩვენია, ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენზეა დამოკიდებული და ამიტომ ყოველთვის უფრო დაცულია!" (შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისრაელმა საქართველოს ნებისმიერი შეიარაღების მოწოდებაზე უარი უთხრა).

მაშ ასე - ჯავშანმანქანა "დიდგორის" ორი მოდიფიკაცია, ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა", ჯერჯერობით უსახელო ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო დანადგარი და უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა პრეზენტაცია 2012 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმის დროს იგეგმება: ვიტიროთ თუ გვიხაროდეს? საკითხავი, აი, ეს არის!

დიახ, იარაღის სიყვარული ქართველებს სისხლში აქვთ, და თითქოს სასიხარულოა, რომ შენი სამშობლო თვითონ აწარმოებს შეიარაღებას, საზღვარგარეთ სამჯერ უფრო ძვირად კი არ ყიდულობს.

ოღონდ რისთვის, რა მიზნით აწარმოებს? ვისგან ვაპირებთ თავის დაცვას ან ვისზე თავდასხმას?! კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების - აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიები ქართულზე ბევრად ძლიერები არიან, ჩვენი მეზობლების - რუსეთის და თურქეთის არმიებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თანაც ისინი, ვგონებ, საქართველოზე თავდასხმას არ აპირებენ, ხოლო თუ დააპირებენ, საეჭვოა, ჩვენმა სამამულო ტექნიკამ გვიშველოს...

ესე იგი, უბრალოდ, სათამაშოებია მიშასთვის?! თუ ასეა, კიდევ არა უშავს, მით უმეტეს, რომ თავდაცვითი მრეწველობა მთელ მსოფლიოში ყოველთვის გახლდათ კატალიზატორი მრავალი სამეცნიერო ძიებისა და მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომლებმაც შემდეგ მშვიდობიან მრეწველობაში პოვეს გამოყენება (მაგალითისთვის თუნდაც კონცერნი AG Krupp გავიხსენოთ).

მაგრამ გახსოვდეთ წესი: "ბავშვებს ასანთით თამაშის ნება არ მისცეთ!". ამიტომ დღეს შეკითხვა "ვიტიროთ თუ გვიხაროდეს?" ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული "ყოფნა-არყოფნის" ტოლფასია, თუმცა საქართველო ინგლისი არ არის, მე - შექსპირი არ გახლავართ, ხოლო მიშა - ჰამლეტი...

 

არჩილ იმერელი

საქინფორმი