საქართველოში ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი იქმნება
თბილისი, 20 მარტი,
საქინფორმი. აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში (ბორჩალო) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები საზოგადოებრივ პარლამენტს ქმნიან. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმს“ საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტმა დაშგინ გიულმამედოვმა აცნობა. მან აღნიშნა, რომ 1 მარტის შემდეგ კონფედერაციის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და გადაწყდა, რომ ბორჩალოს საზოგადოებრივი პარლამენტი უახლოეს პერიოდში შეიქმნება.
საქართველოს თურქთა კონფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პარლამენტის სპეციალური ქარტიის ხელმოწერის თაობაზე. ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია ამ პარლამენტში თითო წარმომადგენელი ჰყავდეს. საზოგადოებრივი პარლამენტი ბორჩალოში მოქმედი ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინირებას მოახდენს. გიულმამედოვის თქმით, ეს მათ პოლიტიკურ კონსოლიდაციას გამოიწვევს.