სამართალი
პარტიათა შესახებ კანონში სადავო ნორმები შეიცვლება

zakon123თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის სადავო ნორმების უმეტესობა გადაიხედება – საბოლოო შეთანხმებას ამ საკითხზე მმართველი პარტიის დეპუტატებმა და კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ეფუძნება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იქნება ინიცირებული – დაახლოებით, სამ თვეში პარლამენტის მიერ დეკემბერში კანონში სადავო ცვლილებების მიღებიდან.

ცვლილებების თანახმად, აღარ იარსებებს პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირის დეფინიცია, რაც მნიშვნელოვნად აფართოვებდა იმ პირთა წრეს, ვისზეც პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლებოდა გავრცელებულიყო კონტროლის პალატის მონიტორინგის არეალში მათი მოქცევის გზით და რაც შეშფოთების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ახალი ნორმის თანახმად, პარტიებისთვის დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება იმ პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნის მისაღწევად იყენებს შესაბამის მატერიალურ და ფინანსურ რესურსებს.

პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები გავრცელდება იმ პირზეც, რომელსაც ამ კანონის არაერთგზის დარღვევისთვის დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა ან დარღვევა უკავშირდება 30 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხას.

ზემოთ ჩამოთვლილ პირთა წრე განისაზღვრება კანონის 261-ე მუხლით, რომელიც ამჟამად მოქმედი რედაქციით, დაკავშირებულ პირების დეფინიციას მოიცავს.

ამასთან, ამ შეზღუდვების მიზანია საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

ახალი ნორმის თანახმად, შეზღუდვების ფარგლებში არ ექცევა ეკონომიკური ან სამეწარმეო საქმიანობა, საკუთრების უფლება და სხვა კერძო სამართლებრივი უფლებები და თავისუფლებები, თუ ისინი არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს ანდა არ ხორციელდება კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მოსალოდნელი ცვლილებების თანახმად, გავრცელედება ნებისმიერ ქმედებაზე, მათ შორის, მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებზე, რომლის მიზანიც არის კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდება.

ამასთან, კანონში ნათლად ჩაიწერება, რომ შეზღუდვები არ გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომელთა მიზანიც არის პარტიების ინსტიტუციური განვითარება და მათი საქმიანობა არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებას.

ამჟამად მოქმედ კანონში არსებულ ჩამონათვალს, რომ შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ, დაემატება წინასაარჩევნო აგიტაციაც.

პარტიების მიმართ ამჟამად მოქმედი შეზღუდვა, რომ მისი საერთო წლიური შემოსავლები და ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს საქართველოს წინა წლის მშპ-ის 0.2 პროცენტს, ნაწილობრივ შეიცვლება და ეს ზღვრული ოდენობა მხოლოდ ხარჯებზე გავრცელდება და მოიცავს პარტიის ან მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეულ ხარჯებს.

ამასთან, ახალი რეგულაციებით, შემოწირულობად ჩაითვლება პარტიის ან 261-ე მუხლით გათვალისწინებული პირის მხარდასაჭერად ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზნით გაწეული ფულადი სახსრები, უფასოდ ან შეღავათიანი პირობებით გაცემული მატერიალური ფასეულობა ან მომსახურება. შემოწირულობად არ ჩაითვლება  მოხალისის მიერ ნებაყოფლობით შესრულებული სამუშაო.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 3 დღიდან 5 სამუშაო დღემდე იზრდება ვადა, როცა პარტიამ შემოწირულობის მიღების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატას უნდა გადასცეს. ასევე, 5 დღე გახდება ის ვადაც, როცა პარტია ვალდებულია, დარღვევის შემთხვევაში უკან დააბრუნოს თანხა. იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ არ იცოდა შემოწირულობის უკანონობის შესახებ, მისთვის ფულის უკანვე დაბრუნების ვალდებულება წამოიშობა იმ მომენტიდან, როცა მას ამას კონტროლის პალატა მოსთხოვს.

კონტროლის პალატასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, უფრო ცხადად გაიწერება კანონმდებლობაში. საბოლოო ფორმულირებები კანონპროექტის ინიცირების შემდეგ გახდება ნათელი.

თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კონტროლის პალატა უფლებამოსილი იქნება, პირისგან მოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ მას ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს პირი 261-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეს მიეკუთვნება.

დაგეგმილი ცვლილებებით, დარღვევის შემთხვევაში დადგენილი ჯარიმის ათმაგი ოდენობა განახევრდება და ხუთმაგზე დავა, თუმცა დარღვევის განმეორების შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება ექნება, კვლავაც ჯარიმის ათმაგი ოდენობა დააწესოს.

ეს სანქცია კონტროლის პალატამ უკვე სამჯერ გამოიყენა ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ამასთან, გაიზრდება სასამართლოს როლი. კერძოდ, კონტროლის პალატა ვალდებული იქნება, რომ სამართალდარღვევის ოქმი დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს საქალაქო სასამართლოს განსახილველად. ანალოგიურად უნდა მოიქცეს კონტროლის პალატა იმ შემთხვევაში, თუ ყადაღას დაადებს პარტიის, ფიზიკური ან იურიდიული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს.

თუმცა ახალი რეგულაციით, ყადაღა, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება და მის მოქმედებას გასაჩივრება არ შეაჩერებს, შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციული უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს არა მთლიან ქონებას, არამედ მხოლოდ მის ნაწილს.

ახალი ინიციატივის თანახმად, გაწერილია ის ვადებიც, რომელშიც სასამართლო კონტროლის პალატის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს და ყადაღის დადასტურების საკითხს განიხილავს. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას 48 საათში იღებს, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში, ასევე, 48 საათში გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

გარდა ამისა, პარტიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება, რომ ამ კანონით დადგენილი ნორმების არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერების თხოვნით მიმართოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის დაწესებულ სადამსჯელო რეგულაციებში ცვლილებასაც ითხოვდნენ. მათი წინადადება, რომ ამ კუთხით 100 ლარს ქვევით არსებული გარიგება ადმინისტრაციული ჯარიმით დასჯილიყო, გათვალისწინებულია.

თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა სრულად არ გაიზიარეს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ამომრჩევლები მოსყიდვის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულიყვნენ. თუ რომელიმე ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიისაგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას, ის 3 წლით თავისუფლების აღკვეთას კვლავაც დაექვემდებარება, თუმცა თუ მოითხოვს ამგვარ დახმარებას, მაშინ მასზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ გავრცელდება, კანონში ცვლილების შეტანის შემთხვევაში. დღეს მოქმედი რეგულაციით ამომრჩევლების ორივე ეს ქმედება 3-წლიანი პატიმრობით ისჯება.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მმართველმა პარტიამ, ასევე, არ გაიზიარა მათი წინადადება, რომ კანონიდან ამოღებულ იქნეს ის მუხლი, რომელიც პარტიისთვის შემოწირულობის 500-ათასლარიან ჯამურ ზედა ზღვარს უწესებს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შემოსავალს მთლიანად ან ნაწილობრივ იღებენ ერთი წყაროდან. კანონის თანახმად, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს.  იურიდიულ პირებს შემოწირულობების გაკეთება საერთოდ ეკრძალებათ.

პარტიათა შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებასაც არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატებისათვის საარჩევნო ხარჯებზე ზედა ზღვარის დაწესების თაობაზე, რისი გაანგარიშებაც სპეციალური ფორმულით მოხდება. ეს საკითხი პარტიების შესახებ კანონით საერთოდ არ ყოფილა აქამდე დარეგულირებული.

საკანონმდებლო ინიციატივაში ასევე შევა მმართველი პარტიის მიერ იანვრის ბოლოს წარმოდგენილ წინადადება, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიების ნაწილისთვის საარჩევნო წელს დამატებითი სახელმწიფო სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვის მიზნით.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ინიციატორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ზოგიერთი მათი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის მიუხედავად, პოზიტიურად აფასებენ.

„მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა დიდწილად გაიზიარა ის შეთავაზებები, რაც ჩვენ წარმოვადგინეთ, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის შემდეგ. – რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემოში და საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები არ რჩება, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სხვა თემებზეც, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონტრუქციულმა კომუნიკაციამ პარლამენტთან და აქტიური კამპანიის წარმოებამ ძალიან კარგი შედეგი ამ ეტაპისთვის უკვე გამოიღო,“– აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.

„ის ვარიანტი, რაზეც დღეს შევთანხმდით, არის კარგი და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ.  რა თქმა უნდა, გამონაკლისი არის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ერთი ნაწილი და ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია, ვიმუშავოთ,“– განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.

პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონის მთელი რიგი ფორმულირებები იცვლება, მისი არსი იგივე რჩება.

„კანონის მიზანი კვლავ იქნება გამჭვირვალობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების და კვლავ იქნება სანქციები ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისათვის“, – განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.