საზოგადოება
„ინტელექტში მეტი ფულია, ვიდრე ტურიზმში!“

FOSTA-inteleqtთბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია და „თავისუფალ სტუდენტთა კავშირი“ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაფინანსების 400 ათასი ლარით შემცირებას აპროტესტებენ და ქართულ „მეცნიერებაში არსებულ უაღრესად მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.

იკარგება სახელგანთქმული ქართული მათემატიკური, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, მედიცინის, საინჟინრო, ენათმეცნიერების, ფიზიკის, კიბერნეტიკის სკოლები, რომელთა მიღწევებსაც ასე რუდუნებით და ნაწილ-ნაწილ აგროვებდნენ საუკუნეების განმავლობაში ქართველი გამოჩენილი მეცნიერები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ჩვენი აღმავლობა და სიმდიდრის დაგროვება, რომელიც ქართულ ინტელექტუალურ პოტენციალზე გადის, ვერანაირად ვერ ჩანაცვლდება ტურიზმით და საქართველოს მოქალაქეების მომსახურების სფეროში დასაქმებით.

„ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეიცვალოს ხელისუფლების პოლიტიკა მეცნიერების მიმართ, ტურიზმზე გამოყოფილი, ხელისუფლების ბობოლების ჯიბეში გადასანაცვლებლად გამზადებული მილიონები მიემართოს მეცნიერების დასაფინანსებლად და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ქართული სამეცნიერო სკოლის გადარჩენისა და შემდგომი აღორძინების გზაზე.

ინტელექტში მეტი ფულია, ვიდრე ტურიზმში!

შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მდიდარი სამეცნიერო ინტელექტუალური პოტენციალი!“ – ნათქვამია განცხადებაში.