თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა, მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ზეიმობს ნოვრუზობას და იმ მრავალრიცხოვან აზერბაიჯანელ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებისთვისაც ეს დღე ეროვნული დღესასწაულიც არის. ყველას გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!ნოვრუზობა უძველესი ტრადიციაა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ეს დღე არა მარტო ახალი წლის შემობრძანებას აღნიშნავს ისლამური წელთაღრიცხვით, არამედ გაზაფხულის, სიცოცხლის, განახლების სიმბოლოა.
დღეს ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ყველაზე მეტად სწორედ განახლების ენერგია სჭირდება და წლევანდელი წელი იქნება იმის საწინდარი, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ერთად ავაშენებთ განახლებულ და ბედნიერ საქართველოს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.
ბიძინა ივანიშვილი“