პოლიტიკა
სააკაშვილი ეკონომიკის სინგაპურიზაციას იმედოვნებს

saakkk-nadeetsaთბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს, სულ ცოტა, 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება მომავალი 10-15 წლის მანძილზე ყოველწლიურად, რათა სინგაპურიზაცია მოვახდინოთ ეკონომიკური კატეგორიებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა მან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

„ჩემი ამოცანაა, რომ წელს ჩვენ გავიზარდოთ 8-დან 10 პროცენტამდე და შემდგომ 10-15 წელიწადში უნდა ვიზრდებოდეთ, მინიმუმ, 10 პროცენტით, რათა სინგაპურიზაცია მოვახდინოთ ეკონომიკური კატეგორიებით... და მდიდრულად ვცხოვრობდეთ, – განაცხადა მან და დასძინა, –არ მინდა, რომ საშუალო ქვეყანა ვიყოთ“.

გასული წლის ბოლო კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,1 პროცენტი შეადგინა. შედეგად, საქსტატის მიერ იანვარში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წელს მშპ-ის ზრდის მთლიანი წლის მაჩვენებელი 6.8 პროცენტი იყო.  საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5 პროცენტს შეადგენს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიდის კარგად.

„სახელმწიფო აპარატი კარგად მუშაობს, კანონები ნორმალური, საგადასახადო სისტემა ნორმალურად მუშაობს, საბაჟო კარგად ამუშავდა, – განაცხადა მან. –  ხარვეზები, რა თქმა უნდა, არის... მთავარი ხარვეზი არის ის, რომ დიდი ნაწილი საზოგადოების არის ძალიან გაჭირვებაში, თუმცა გაჭირვება შემცირდა ორჯერ“.

იმავე გამოსვლის დროს სააკაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არის მთავარი არჩევნები.

„გაზპრომს“ მილიარდების მეტი რა აქვს და გამოყვეს ახლა მილიარდები და [ფიქრობენ], რამდენიმე მილიარდი მივაშავოთ პოლიტიკურ სპექტრს, ქართველ ამომრჩევლებს და მაგათ ყიდვას რა უნდაო... მაგრამ პუტინი ვერასოდეს ვერ გაიგებს, ქართველი ხალხი რატომ არ გაიყიდება, ვთქვათ, იგივე შემოდგომაზე. ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ მან [ხალხმა] უკვე გაიგო დამოუკიდებლობის გემო და მეორე – სახელმწიფო არსებობს, წესები არსებობს და კანონები არსებობს“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ დაიშურებს ამ კანონების დასაცავად.