ისრაელში უვიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფენ
თბილისი, 20 მარტი, საქინფორმი. პორტალ „იზრუსის“ ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირები ისრაელ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებების წარმოებას უარყოფენ. პორტალის ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა და ტურიზმის სამინისტროები ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ინტენსიური მოლაპარაკებების შესახებ ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის მხოლოდ ახლა იწყება.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი ამ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის ვიზიტის დროს დაისვა. ქართულმა მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ისრაელის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უკვე გააუქმა. ამასთან დაკავშირებით მიღწეულ იქნა შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რათა შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების თაობაზე მუშაობა დაიწყოს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა იგალ პალმორმა და დასძინა, რომ უზივო რეჟიმის შემოღების კონკრეტული პროცედურების შესახებ მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. „ისრაელი ამაზე თანახმაა, თუმცა ვადებზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ნაადრევია“, – აღნიშნა მან. თავის მხრივ, ტურიზმის მინისტრის მრჩეველმა ამნონ ლიბერმანმა განაცხადა, რომ „ისრაელი ამ საკითხთან დაკავშირებით ამჟამად მხოლოდ პროცესს იწყებს“. „ბუნებრივია, სასურველი იქნებოდა, რომ ამ პროცესმა სწრაფად ჩაიაროს და ვიზები წლის ბოლომდე იქნეს გაუქმებული, თუმცა ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, კონკრეტულად, ეს როდის მოხდება“, – დასძინა მან.