პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „აშშ-ის ელჩის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა“

ivaniSv-geoთბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლიდერის აზრით, საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.

მისი თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ქვეყანაში კანონი არსებობს და ისინი ამ კანონის ფარგლებს სცილდებიან.

„მათ ვერ გაბედეს დაკითხვაზე პირადად ჩემი გამოძახება, მაგრამ ჩემი წარმომადგენლები გამოიძახეს, და უკვე გამოწერეს ჯარიმა 4 მილიონი ლარის ოდენობით. მინდა, მივმართო მოსახლეობას: ისედაც ვგეგმავდი, რომ ფული, რომელსაც ჩემს ორგანიზაციას უკანონოდ ართმევენ, ქვეყნისათვის დამეხარჯა, და ძალიან მიხარია, თუ ეს ფული მოსახლეობას მოხმარდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან, აგრეთვე, მიუთითა, რომ ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ფულს მოიპოვებს, მაქსიმალურად ასახავს მის სახეს. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით ის კმაყოფილია.

„ჩემდამი დამოკიდებულებით ხელისუფლებამ საბოლოოდ გამოაჩინა თავისი სახე და ის ფასადური დემოკრატია, რომლის მეშვეობითაც ცდილობს, ევროპა ან საქართველო შეცდომაში შეიყვანოს. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ ნიღაბი მოიხსნა“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა თავის განცხადებაში  „Facebook“-ის გვერდზე შეშფოთება გამოთქვა იმ ქმედებების გამო, რომლებსაც საქართველოს კონტროლის პალატა ახორციელებს პოლიტიკური გაერთიანებების მიმართ.

http://www.rus.ghn.ge/news-20433.html