პოლიტიკა
„უარი ნაცმოძრაობის ბუნაგად ქცეულ პროფკავშირებს!“

RKINIGZELtA-PROFKAVთბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ, ნაცვლად საკუთარი წევრების უფლებების დაცვისა, ირაკლი პეტრიაშვილი პროფკავშირების ხელმძღვანელის სტატუსს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ვაჭრობისა და პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს.

პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია იმ უკანონო გადაწყვეტილებების თაობაზე, რომელიც მიიღო „საქართველოს რკინიგზამ“ უწყების თანამშრომელთა განთავისუფლების შესახებ. „თავდაპირველად საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის ეს უკანონო გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და პროტესტის ტალღითაც დაიმუქრა. თუმცა მოულოდნელად სიტუაციის გამწვავებაზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, გაურიგდა ეზუგბაიას და მისგან მიიღო სოლიდური ანაზღაურება დუმილის სანაცვლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამომდინარე აქედან, პარტია მოუწოდებს ყველა რკინიგზელს, მაფიოზური კლანების მარწუხებიდან თავის დახსნის მიზნით, გაწევრიანდნენ „რკინიგზელთა თავისუფალ პროფკავშირში“ სადაც მოხდება მათი პროფესიული უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილი და ღირსეული დაცვა მათივე ძალებითა და მონაწილეობით.

„უარი ნაცმოძრაობის ბუნაგად ქცეულ პროფკავშირებს, რომლის კისერზეც დევს რამდენიმე ათასი პროფესიონალი რკინიგზელის სამსახურიდან გაყრა!“ – ნათქვამია განცხადებაში.