როგორ აარიდა ობამამ მიშას თვალი
ბედი არ სწყალობს მიშას. გამოცდილმა და ხანში შესულმა ჯო ბაიდენმაც არ მოისურვა, შეხვედროდა ქართველ ლიდერს ამერიკის მიწაზე გაეროს ფორმატის შემდეგ.
იყო რაღაც “წვრილმანები” : შეხვედრები უნივერსიტეტში, ბიზნესმენებთან, პრეზიდენტის პრესსამსახურის მტკიცებით, ქალბატონ კლინტონთანაც. აი, ამერიკელმა “გვირგვინოსანმა” ბარაკ ობამამ ამჯობინა, “კავკასიის ფორმატში” შეხვედროდა მხოლოდ მზიური აზერბაიჯანის მეთაურს, დემოკრატსა და დემოკრატის შვილს ილხამ ჰეიდარის ძე ალიევს... მსოფლიო და აზერბაიჯანის მასმედიამ გულახდილად ასე განაცხადა: აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა პრეზიდენტ ალიევის ლიდერობა და ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქვეყანაა, მათ შორის, ვინც უმეტეს წარმატებებს მიაღწია (?!).
ეს არის საქართველოს პრეზიდენტისთვის ცხვირში წკიპურტის კვრა, რასაც უნდა მივმხვდარიყავით მაშინვე, როცა ცნობილმა აფროამერიკელმა კონდოლიზა რაისმა არ მოისურვა სააკაშვილთან შეხვედრა, რასაც, აგრეთვე, აფროამერიკელ ბარაკ ობამას თვალის არიდება მოჰყვა. შეიძლება, რომ ამ ყველაფრის მიზეზი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის “გაუწონასწორებელი” რასისტული გამონათქვამები იყო? სავსებით შესაძლებელია...
დასკვნა ასეთია: ამ სამწუხარო ფაქტით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას (და მასთან ერთად ეკონომიკასაც) არა თუ პირველ, არამედ მეორედაც არ მიიჩნევენ რეგიონში, ასეთია ოკეანისგაღმელთა სტატისტიკაც და, ასევე, თეთრი სახლის შეფასებაც.
შევეცადოთ, გავერკეთ, სადაა ძაღლის თავი დამარხული, რადგან ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების (იგულისხმეთ - პრეზიდენტის მიერ პირადად!) პრეზიდენტისეული შეფასებები, რომლებიც მან პატივცემულ საზოგადოებას წარუდგინა ნიუ იორკში, წარმოუდგენლად განსაცვიფრებელი იყო და, ამდენად, გაუგებარი დარჩა საქმეში გარკვეული ხალხისთვის.
ამან საშუალება მისცა ორი წლის სტაჟის მქონე მხურვალე ოპოზიციონერს, პარლამენტის ექსსპიკერს, ნინო ბურჯანაძეს არცთუ კორექტულად განეცხადებინა “მიზნობრივ” პრესკონფერენციაზე: “სააკაშვილმა, უბრალოდ, იცრუა გაეროს ტრიბუნიდან. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომ სიღარიბე ჩვენთან დაძლეულია, არ ეთანხმება მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტი გაჭირვებულია”. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უცხოეთიდან კაპიტალდაბანდებათა დონითა და ეკონომიკის განვითარების ტემპებით საქართველო ჩამორჩება მეზობლებს – აზერბაიჯანსა და სომხეთს.
Iნ ვინო ვერიტას!
ომისშემდგომ საქართველოში ყველაზე დიდი დეფიციტი “ჭეშმარიტი სიმართლეა”, რომელსაც ისეთი მონდომებით მალავენ, რომ ზოგჯერ მის წინააღმდეგობათა ტყვე ხდები, რადგან საქართველო შვეიცარიაში, სინგაპურსა ან ჰონკონგში აგერევა, ისევე, როგორც ჩვენი სახელმწიფოს პირველ პირებს.
მაგრამ რეალობას ვერსად გაექცევი – გარეუბნებიდან ჩვენი დედაქალაქის ცენტრისკენ გზას თუ გაუყვები, სულ ცოტა, ას მათხოვარს გადაეყრები. მათ შესახებ სტატისტიკა არაფერს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის შემდგომ წლებში ხელგაწვდილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყანაში, რომლისთვისაც მათხოვრობა, როგორც სოციალური მოვლენა, უცხო იყო, იშვა ახალი “დარგი”, რომელიც ჩვენი პოსტრევოლუციური წარმატებების ფონზე, სულ უფრო აქტიურად ვითარდება. გასაოცარი დემოკრატიის ფენომენია, არა?
ხელისუფლება ვერ ამჩნევს ამ კატეგორიის მოქალაქეებს, არც სურს, იცოდეს რამე მათ შესახებ.
მართალია, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველ წლებში დიდი ხმაური მოჰყვა მის მოწოდებას, უპოვართათვის 100 უფასო სასადილოს გახსნას, მაგრამ ინიციატივა ჩაკვდა მე-20 თუ 31-ე საზკვების ობიექტის გახსნის შემდეგ. დღეს კეთილი ქრისტიანების გარდა ამ კოლექტიურ სასადილოებს არავინ იხსენებს, რადგან მოწყალების იდეამ დაკარგა აქტუალობა, იმიტომ, რომ ვერ ეწერება ენერგიულად განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკაში, რომელშიც არ არიან და არც შეიძლება იყვნენ ღარიბ-ღატაკნი.
კეთილდღეობის ილუზია არა მარტო ბათუმის სივრცეშია, არა მარტო წითელი ლენტების გაჭრას თან სდევს, არამედ არის ამჟამად დამუხრუჭებულ დარგშიც - მევენახეობასა და მეღვინეობაში. რა ერთიანობასა და ჰარმონიულობაზე შეიძლება ლაპარაკი ისეთ ვითარებაში, როცა ღვინის ქარხნებს იარაღით აიძულებენ, მიიღონ მწარმოებლებისგან არაკონდიციური პროდუქცია, და პარალელურად წარმოთქვამენ საქებარ ოდებს სასმელისას, რომელსაც თურმე “მალულად სვამს კრემლის დიდთავადობა, რომელიც მოკლებულია საშუალებას, ისიამტკბილოს ქართული ღვინით თავისი სპეციალური მაღაზიების მეშვეობით”.
“ქართული ღვინის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა”, – აღნიშნა მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე პრემიერმა გილაურმა. ვენდოთ გილაურს. მაგრამ ამას მოჰყვება ისეთი აბდაუბდა, რომ შეიძლება კისერი მოიტეხო.
თანამდებობის პირთა განცხადებით, აღნიშნული ზრდის 20 პროცენტი შიდა ბაზარზე მოდის, რაც თითქოს ტურისტების რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული. ეტყობა, რეალიზაციის ზრდას ხელს უწყობს გამრავლებული პურისჭამა რესტორნებსა და კაფეებში მიმღები მხარის ანგარიშზე, როცა თამადა სტუმრების სადღეგრძელოებს ანბანის მიხედვით სვამს და სახსოვრად ატანს შესანიშნავ ნიმუშებს ქართული ღვინის. არადა, დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული დასავლური პრეფერენციები (გარკვეული სავაჭრო პრივილეგიები) აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის სათანადოდ არ მუშაობს.
რისი ბრალია ეს და ვინაა დამნაშავე?
უმთავრესი ბრალი და მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკა, როგორც პოლიტიკა უმკაცრესი ადმინისტრირების ჩარჩოებშია მოქცეული.
მაგალითად, მთავრობის მიერ მეღვინეებზე განხორციელებული წნეხი და იძულებითი მიღება დაბალი ხარისხის პროდუქციისა, ვერ უპასუხებს აშშ-ისა და ევროპის ბაზრების მაღალ მოთხოვნას. ამასთან, ამ თამასის დაძლევის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ზოგიერთებს – ვინც “მეგობრობს” ხელისუფლებასთან და მისი მხარდაჭერით სარგებლობს. შედეგად კი ვიღებთ დაბალი ხარისხის საექსპერტო საქონელს და მცირე შემოსავალს ბიუჯეტში. იმიტომ კი არა, რომ არ გვსურს, არამედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია.
გასაგებად რომ ვთქვა, ჩვენს ბიზნესს ჯერ კიდევ არ შეუძლია, მასშტაბურად შეუტიოს ამერიკისა და ევროპის საბაზრო სიმაღლეებს, ქართული ღვინის მაღალი ხარისხის შესახებ პრეზიდენტის მრავალგზისი განცხადებების მიუხედავად.
სიტუაციის ტრაგიკომიზმი ის არის, მთავრობის იმავე სხდომაზე პრემიერი პირველ აგრარიკოსს რომ ავალებს, სასწრაფოდ შეხვდეს თურქ კოლეგას. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულია შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მეზობლებისთვის ერთი მილიონი ლიტრი ღვინოების მიწოდებას საბაჟო გადასახადის გარეშე. მაგრამ გილაურისავე თქმით, ამ კვოტიდან ათვისებული აღმოჩნდა 40.000-60.000 ლიტრი ქართული ღვინო! კვეზერელის მისია – მიაწვეს და გაყიდოს – გასაგებია, მაგრამ ძნელად არის შესასრულებელი, იმ უბრალო მიზეზისა გამო, რომ, მართალია, იგი თანამდებობის პირია, მაგრამ ადამიანური შესაძლებლობებითაა შეზღუდული და თავს ზემოთ ვერ ახტება. საკითხავია, რის გაკეთებას შეძლებს იგი ორიოდ სამივლინებო დღეში, თუნდაც ერთ თვეში, როცა არ არსებობს რეალური შესაძლებლობანი, ათწლეული უქმადაა დაკარგული. თანაც მეღვინეობაში უცვლელია ურთიერთობანი, რომელთაც ისტორიულად კორუფციული ფესვები და ასეთივე ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან.
დიდი ხანია, რაც იარლიყებს ვიყენებთ
სისულელის, უაზრობისა და სიცრუის მოზღვავება, რაც სიმართლის რანგშია აღზევებული და ეხება ჩვენს მრეწველობას, აგრარულ სფეროს და ა.შ., თურმე სისტემური რეფორმირების შედეგია. ეკონომიკაზე, რომელიც ყვავის და არ ჭკნება, ჩვენს წარმატებებზე დაუღალავად და აღფრთოვანებით წერენ უკრაინელი კალმოსნები, ლაპარაკობენ საქმიანი ადამიანები, რომლებიც, უეჭველია, ჩვენი პრეზიდენტის “ნარინჯისფერი მეგობრების” ნარჩენები არიან. რას შეიძლება დავარქვათ “ფერადი” და ყვავილოვანი რევოლუციონერების მსოფლიო სოლიდარობა, რომელიც აშკარად მხარდაჭერილია “ცენტრის” მიერ და იქიდანვე იმართება?
კერძოდ ვინ მართავს?
სავარაუდოდ, რეაქციული ძალები, კერძოდ, კონფრონტაციის ქორები და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ოკეანის გაღმიდან. ეს უკანასკნელი დღეს ასეულობით მილიარდ საბიუჯეტო დოლარს კი არა, უკვე ტრილიონობით დოლარს ატრიალებს. მას თავისი შტატიანი წარმომადგენლები ჰყავს ამერიკის ადმინისტრაციაში (ვისთანაც მეგობრობა გვაკავშირებს). ალბათ, სწორედ ამიტომ ძალაში რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკა და მუხლეზე დამხობილი ეკონომიკა, რომელიც წარმატებების “სასწაულებს” ახდენს ვაშინგტონის სცენარების მიხედვით. რაც, საბოლოო ჯამში, თანამედროვე მსოფლიოს დანაწევრებისა და კონფრონტაციისთვის განხორციელებული ძალისხმევის გაგრძელებაა.
უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმ რეალობას, რომელიც თითოეული ჩვენგანის თვალწინ ხდება. ლაპარაკია ვალუტის გაცვლაზე.
უპირველესად, მივულოცოთ ერთმანეთს ეროვნული ვალუტის განმტკიცება. შემდეგ მივულოცოთ ჩვენს ფინანსების მეფეებს, რომლებიც ახერხებენ ძალა შეუნარჩუნონ ლარს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ფასები ასი პროცენტით იზრდება. ეს ოპერაცია თავისი მასშტაბით შეიძლება შევადაროთ მეორე მსოფლიო ომში მეორე ფრონტის გახსნის ოპერაცია “ოვერლორდს”, როცა მოკავშირეებმა თავიანთი ჯარები გადმოსხეს საფრანგეთში, ფაშისტების “ზურგში”.
აწყობილად და ცენტრალიზებულად მოქმედებს მთელი ქართული საბანკო და ჯიხურების გადაცვლის სისტემა! პირობები თითქოს თავისუფალია, საბაზროა, მაგრამ სავალუტო რყევები მაინც და მაინც განსაკუთრებულ საათებში ხდება, როცა რომელიღაც საერთო ჩამრაზს ჩართავს ერთი დისპეტჩერი-ნათელმხილველი. ამ დროს კი სხვა ვალუტების კურსები იცვლება რბილად და არ უშლის ცხოვრებას ადამიანებს. მხოლოდ ლარია ისეთი, რომელიც ხან ავარდება, ხან არანაკლები სისწრაფით ეცემა...
ესეც ჩვენი თავისებურებების, ტრაიბალიზმისადმი ჩვენი მიდრეკილების შედეგია, საზოგადოების “დემოკრატიზაციისა” და საბაზრო “პოლიტეკონომიის” მიუხედავად, რომელსაც წარმართავს, აწესრიგებს ერთადერთი, ძალაუფლების მოყვარული ხელი - აბსურდის თეატრისა და ერთი მსახიობის თეატრის პრინციპის მიხედვით.
ასე ყალიბდება პირობები, როცა ამერიკასთან და ევროპასთან ვაჭრობის სასათბურო პირობების მიუხედავად, ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ძალიან ცუდად მუშაობს, ცოტა რამ თუ შეუძლია გაიღოს მომგებიანი ექსპორტისთვის. შედეგად საექსპორტო ნიშა, წარმატებების შესახებ ბაქიბუქის მიუხედავად, თითქმის ცარიელია.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, წლევანდელ ექვს თვეში ფულადი გამოსახულებით ექსპორტმა 865 მილიონი შეადგინა, იმპორტმა - 2,642 მილიარდი დოლარი. საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შეადგენდა 1,177 მილიარდს, რაც 2009 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე ერთი პროცენტით მეტია. ციფრები წლის ბოლოსთვის, რა თქმა უნდა, გაიზრდება. მაგრამ შეფარდება ექსპორტსა და იმპორტს შორის, საეჭვოა, გაუმჯობესდეს. საამისო ობიექტური პირობები შექმნილი არ არის. კაცმა რომ თქვას, თხილის გარდა, განვითარებულ ქვეყნებში გასაყიდი არაფერი გაგვაჩნია. ეს კი განვლილი პერიოდის შეფასების საშუალებას გვაძლევს, როცა კრედიტები, საფონდო გადარიცხვები, ტრანშები და ა.შ. იხარჯებოდა ვითომ ტურისტული და სხვა ბიზნესისთვის აუცილებელ უსისტემო მშენებლობასა და ფსევდო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.
და კიდევ ერთი, ჩვენი ცხოვრების დამახასიათებელი თავისებურება, როცა უცხოეთის სამსახურები და მათი ცალკეული ფიგურანტები ჯიუტად არ ამჩნევენ ჩვენთან არსებულ უკუღმართობას და გაჭირვებას და წარმატების იარლიყებს გვიბეჭდავენ. ნუ დავასახელებთ მათ, რადგან ისედაც ცნობილია მათი ვინაობა. მოდერატორების აზრით, ჩვენ სწორი გზით მივდივართ, მაგრამ ვერ ვმდიდრდებით. სიღატაკე და მოუწყობლობა გვთრგუნავს. გამონაკლისი ელიტაა და მისი პირველი რიგის გარემოცვა.
კრიტერიუმი ყოველთვის ერთია: სიღარიბის დაძლევა და მატერიალური კეთილდღეობის ზრდა, რაც დემოკრატიულ ურთიერთობებთან არის შეთანხმებული. ანუ ყველაფერი ის, რაც დღევანდელ საქართველოში ფრიად სუსტადაა წარმოდგენილი და გადაფარულია ბათუმის, თბილისის, გორის და სხვა ფეიერვერკების ჭრელა-ჭრულობით.
ეს ყველაფერი ხდება ნომენკლატურული კაპიტალიზმის ფონზე, რომელსაც ხელისუფლება და სტუმრები გვთავაზობენ, როგორც ერთადერთ გამაჯანსაღებელ პროგრამას განვითარებული სოციალიზმის სანაცვლოდ.
P.შ. მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ჩვენი პრეზიდენტი თავისუფლად მონავარდე შევარდენს. სინამდვილეში იგი მართული და მკაცრად კონტროლირებადი ფიგურაა. არაფერს ნიშნავს, რომ რიგი “უცნაურობანი და მოულოდნელობანი” ჩაიდინა ხუთდღიანი ომის დროს, თავი გამოიჩინა გიგანტური საპორტო პროექტებით, ასაფრენი ზოლების და საიდუმლო ლაბორატორიების მშენებლობით, პატრიოტული ახალგაზრდული ბანაკების მოწყობით საზღვარზე, სვანეთში ტურისტული გზებისა და ტრასების გაყვანით მთიან აფხაზეთსა თუ ცეცხლით მოცულ ჩრდილოეთ კავკასიაში გასასვლელად... ეს ყველაფერი ომის გაგრძელებაა ოღონდ სხვა მეთოდებით, შრომის განაწილებაა მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში, სადაც “ქართველი შევარდენისთვის” საწესდებო ამოცანებს შეიმუშავებენ იგივე მსოფლიო ქორები!
თუ ამ ყველაფერს ჩავუფიქრდებით, გაირკვევა, რომ არსობლივად იგი შიდა მოხმარების კატასტროფული მოდელია, განსაკუთრებით, ჩვენი ეკონომიკისთვის (გავიხსენოთ განვლილი ათწლეულის შედეგები). ფულს მართლაც გვაძლევენ, ბევრს, უმეტესად – კრედიტებით, რომელთა გადახდა არაერთ თაობას მოუწევს, თუ ყველაფერი “კარგად” იქნება. მაგრამ დღეს ისინი თითქმის სრულად იხარჯება იმ მიზნებისთვის, რომლებიც პატრონების მიერ არის განსაზღვრული.