თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგ სამართალდარღვევაზე საუბრობს.
სამსახურში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს შრომის ან სხვა სახის ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან და მათ პირადად აფინანსებს ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი.კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული მასალებით, 43 პერსონისთვის გაწეული დაფინანსება საერთო ჯამში 406 ათას ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი თანხა 95 097,75 ლარი ბიძინა ივანიშვილმა ერეკლე ტრიპოლსკის ჩაურიცხა; 25 ათასი ლარი ერგო ზაზა ფირალიშვილს, 21250 ლარი – ნოდარ ხადურს; 12500 ლარის ოდენობის თანხა მიიღეს ალექასანდრე ბარამიძემ, არჩილ კბილაშვილმა, გიორგი გეგეჭკორმა, გიორგი ვოლსკიმ, ვასილ ჯანიკაშვილმა, ზაალ გოგსაძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა, ზურაბ ბიგვავამ, თედო ჯაფარიძემ, ირაკლი სესიაშვილმა, რატი ამაღლობელმა და შალვა თადუმაძემ; 6250 ლარი ერგოთ ალექსი პეტრიაშვილს, დავით ზურაბიშვილს, ელისო ჩაფიძეს, თეა წულუკიანს და მაია ფანჯიკიძეს. 5-5 ათასი ლარი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს მანანა თოქმაჯიშვილმა, ნანა მჭედლიშვილმა, ანა გოჩაშვილმა; 3250 ლარი ჩაერიცხათ ტატიანა დათუკიშვილს, ირინა თევდორაშვილს, ვლადიმერ შენგელაიას, 3125 ლარი კი მიიღო ნინო გოგუაძემ. 2500 ლარი ერგოთ არჩილ ჩხარტიშვილს, ბადრი პაიჭაშვილს, გიორგი არაბულს, გურამ კუციავას, დავით ლომიძეს, ვახტანგ მამალაძეს, იმედა დარსალიას, კახაბერ ჯონჯუას, მაია მენაღარიშვილს; 1750 ლარი ჩაერიცხა ქეთევან ჩიგოგიძეს, ხოლო 1250 ლარი – ქეთევან შაიშმელაშვილს და ანა ქობულაძეს. კონტრაქტის თანახმად, 3427,5 ლარი ჩაერიცხა დავით ტყემალაძეს.
პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფინანსები ექვემდებარება სრულ გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას. პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ ხარჯებს უნდა ახორციელებდნენ კანონის შესაბამისად და სპეციალურად განკუთვნილი ანგარიშებიდან.
„დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას“, – აღნიშნავს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე.