თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ წამოწყებული დევნის კამპანიის გააქტიურება შესაძლოა, იყოს ნიადაგის მომზადება იმისათვის, რომ ივანიშვილს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრან, რაც მას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ მისცემს.
ივანიშვილმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო რუსულ პასპორტზე თავად თქვა უარი, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე განაცხადი 5 იანვარს შეიტანა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე სამი თვის ვადაში, 5 აპრილამდე უნდა მიიღოს.„ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვის ვადის ამოწურვამდე დარჩა მხოლოდ 20 დღე. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი კანონიერი საფუძველი, უარი უთხრას მას საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილისათვის დიდი ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებით და სხვა, ეგრეთ წოდებული სამართალდარღვევების აღმოჩენის გზით ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შექმნას საფუძველი, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის და ამიტომ არ ანიჭებს მას საქართველოს მოქალაქეობას“, – ნათქვამია ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.
კოალიცია „მორიგ უკანონობას“ უწოდებს კონტროლის პალატის მიერ 15 მარტს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უწყება სწავლობს ბიძინა ივანიშვილის მიერ თავისი პირადი ანგარიშიდან პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის ჯამში 406 000 ლარის ოდენობით თანხის გადარიცხვის ფაქტს. კონტროლის პალატის თქმით, დაფინანსების ეს სქემა ეწინააღმდეგება პარტიათა შესახებ კანონს.
„საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ ანაზღაურებას, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს და ბიძინა ივანიშვილსა და ამ პირებს შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სფეროა“, – განმარტავს კოალიცია განცხადებაში.
კონტროლის პალატამ ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს უკვე დააკისრა მთლიანობაში 3 922 040 ლარის ოდენობით ჯარიმის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
„უკანასკნელ პერიოდში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლებას ჩაფიქრებული აქვს, გადაუკეტოს დაფინანსების ყველა საშუალება კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სუბიექტებს, რათა მოუსპოს მოქალაქეებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი და შესაძლებლობა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
აქვე კოალიცია აღნიშნავს, რომ ოქტომბრიდან ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის შემდეგ, მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავებულია ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დასანერგავად, რომელიც პირდაპირ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა არ მისცეს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
იანვარში ივანიშვილის განცადების თანახმად, იგი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობას დაიბრუნებს და თავად ჩაუდგება სათავეში მის პოლიტიკურ პარტიას. თუმცა მან, ასევე, განაცხადა, რომ მოვლენები თუ სხვაგვარად განვითარდა, სათადარიგო გეგმის მიხედვით, მის ნაცვლად ლიდერობას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე იკისრებს. ხვედელიძემ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მეუღლესთან ერთად ოქტომბერში შეუწყდა, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, დეკემბერში სასამართლოს გზით დაიბრუნა მოქალაქეობა.
15 მარტს ივანიშვილი და კიდევ ორი ლიდერი კოალიციიდან, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, თბილისში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ და მათ რეგიონებში ოპოზიციის აქტივისტების „დაშინებაზე“ რეაგირება მოსთხოვეს.
„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა შეხვედრაზე, რომ ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში გასამხედროებულ ჯგუფებს ქმნის და ვარაუდი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის ემზადება.
„მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ იქმნება გასამხედროებული ჯგუფები? ვინ აიარაღებს მათ? – განაცხადა ალასანიამ ინგლისურად საუბრისას. – ეს გვიბიძგებს, ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი არ ამზადებს ნიადაგს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის; იგი ამზადებს ნიადაგს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ოფიციალურად დასაჯოს, რადგანაც ჩვენ „სახელმწიფოს მტრები“ ვართ, რადგანაც ჩვენ „კრემლის მიერ ვკონტროლდებით“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა იმას მიანიშნებს, რომ ის სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის ემზადება“.
„ეს გაზვიადება არ არის, – განაგრძო მან დიპლომატებთან შეხვედრაზე, - თქვენი კონკრეტული ჩარევის გარეშე, თქვენი დახმარების გარეშე... რთული იქნება კონფრონტაციის თავიდან აცილება“.
„სანამ ძალიან გვიან არ არის... გთხოვთ, რომ უფრო აქტიურები იყოთ, პროაქტიულები იყოთ რეგიონებში... თქვენი რეაქცია ძალიან ძლიერი, მტკიცე უნდა იყოს. ყველაფერი, რასაც ვითხოვთ, ის არის, რომ ნამდვილად სამართლიანი პირობები შეგვექმნას კონკურენტუნარიანი არჩევნებისთვის“, – თქვა მან.
„კრიტიკულ ნიშნულს ვუახლოვდებით და თქვენი ჩარევა უკიდურესად აუცილებელია“, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ხელისუფლება სპეციალურ ჯგუფებს ქმნის, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, რომელთა კონკრეტულ სამიზნესაც ოპოზიცია და ჩვენი პარტიები წარმოადგენენ.
„სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ კიდევ ერთი ჰომსი [დაძაბულობის კერა სირიაში] არ მივიღეთ ზუგდიდში ან სხვა ადგილას, გთხოვთ, თუ შეიძლება დაიწყეთ რეაგირება; ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია იმ დრამატული მოვლენების შეცვლა, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ოქტომბრამდე გაგრძელდება“, – განაცხადა ალასანიამ.