თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში თვითმმართველობების დეპოლიტიზებას და სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსთან აქცია გამართეს. მათი თქმით, სახელმწიფო უნივესიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები.
„ის, რომ თვითმმართველობები იმართება მმართველი ძალისაგან, ეს, რა თქმა უნდა, დაპირისპირების წყაროა იმ სტუდენტებთან, რომლებსაც აქვთ სხვა პოლიტიკური კურსი. ამ ყველაფერმა გამოიწვია დაპირისპირება და გუშინწინდელმა ფაქტმა ძალიან დიდი ლაქა დაასვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტს. იმ ადამიანებს, რომლებმაც სცემეს თავიანთ თანაკურსელებს, ქედი აქვთ მოსახრელი უნივესიტეტის და სხვა სტუდენტების წინაშე“, – განაცხადა დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრმა ოთარ ლორთქიფანიძემ.სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ალექსანდრე კვიტაშვილის გუშინდელი განცხადებაც გაიხსენეს და განაცხადეს, რომ ისიც შეწუხდა 14 მარტს მომხდარი ინციდენტით და ამ ადამიანს არ სურს, უხელმძღვანელოს იმ უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტები პოლიტიზებული არიან და ამ საკითხის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან.
სტუდენტები თვითმმართველობის წევრებთან შესახვედრად და საკითხის მოსაგვარებლად მზად არიან.
სტუდენტები მოითხოვენ, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოყოს ბიუჯეტიდან ის თანხები, რაც სჭირდება სტუდენტების სწავლის საფასურის ხელმისაწვდომობას, ხოლო წარმატებული სტუდენტები, წახალისების მიზნით, განთავისუფლდნენ სწავლის გადასახადიდან. ასევე, დაუყოვნებლივ აღუდგეს სტუდენტის სტატუსი ყველა იმ ყოფილ სტუდენტს, რომელთაც შეუწყდათ სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში თანხის გადაუხდელობის გამო.