რელიგია
ილია II: „აღდგომა ვერ შედგებოდა, ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო“

ilia_meore2თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჯვარცმისა და აღდგომის ურთიერთკავშირზე იქადაგა.

როგორც კათოლოკოს-პატრიარქმა ბრძანა, აღდგომა ვერ იქნებოდა, ჯვარცმა რომ არ ყოფილიყო.

მისივე თქმით, ჯვარი ადამიანის დამცირების იარაღი იყო, ხოლო მაცხოვრის ჯვარცმის მერე ეს იარაღი იქცა სადიდებლად.

უწმიდესის თქმით, „ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი ჯვარი. ადამიანი არასდროს არის კმაყოფილი თავისი ჯვარის და მიაჩნია, რომ მისი ჯვარი არის მძიმე“.

„უნდა ვიცოდეთ, რომ უფალი ყველას აძლევს იმ ჯვარს, რომლის ტარების ძალაც ექნება. მას ჯვართან ერთად ძალასაც აძლევს და ამ ჯვართან ერთად უნდა განვვლოთ ცხოვრება“, – ბრძანა ილია მეორემ.

მან პავლე მოციქულის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამბობს: „ერთმანეთის სიმძიმითა იცხოვრეთ და ერთად აღასრულეთ რჯული ქრისტესი“. „ესეც ჯვარია, როდესაც ეხმარები ადამიანს ჯვრის ტარებაში“, –  ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ასე უჭირს ადამიანს სულიერად და მატერიალურად, უნდა დავეხმაროთ და ვუშველოთ ჯვრის ტარებით.

„ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა აღასრულოს ქრისტეს რჯული. ეს არის მისი სწრაფვა ღვთისაკენ და ხალხისაკენ – ლოცვა და სიყვარული ღვთისა და ადამიანისა“, – ბრძანა უწმიდესმა და უნეტარესმა.