საზოგადოება
საქართველოს ხელისუფლება „Podesta Group“-თან კონტრაქტს აგრძელებს

kontraqtთბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ ვაშინგტონში ერთ-ერთ წამყვან ლობისტურ ფირმას „Podesta Group“-თან კონტრაქტი გაახანგრძლივა და წლის ბოლომდე მას 600 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

„Podesta Group“, რომლის ახალი კონტრაქტი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან თებერვლიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოს ხელისუფლებამ პირველად 2010 წელს დაიქირავა.

ლობისტური კომპანიის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, „Podesta Group“ კვლავაც გააგრძელებს კლიენტისთვის ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფას, როგორიცაა „ლობირება, მთავრობასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი ურთიერთობა“, ასევე „ურთიერთობები აშშ-ში შესაბამის აუდიტორიასთან, მათ შორის, აშშ-ის კონგრესთან, ადმინისტრაციასთან, მედიასა და პოლიტიკურ წრეებთან“.

წელს იანვარში საქართველოს უშიშროების საბჭომ, ასევე, გაახანგრძლივა შეთანხმება თავის დიდი ხნის კონტრაქტორ „Orion Strategies“-თან; ეს არის ლობისტური ფირმა, რომელიც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის – ჯონ მაკეინის, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა რენდი შუნემენმა დაფუძნა.

„Orion Strategies“-თან ახალი კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისს იწურება და ამ დროის განმავლობაში ფირმა საქართველოსგან 270 000 აშშ დოლარს მიიღებს.

შეთანხმების თანახმად, „Orion Strategies“ უზრუნველყოფს რჩევას და საკონსულტაციო მომსახურებას, რაც უკავშირდება საქართველოს სრულ ინტეგრაციას დასავლურ ინსტიტუტებში, მათ შორის, ნატოში. კონტრაქტის მიხედვით, ფირმა სთავაზობს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, სამთავრობო კავშირებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს აშშ-სა და ევროპაში.

აშშ-ში ლობისტური საქმიანობის გასაჯაროების რეგულაციების შესაბამისად, არსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლიდან 2011 წლის პირველი ნახევრის ჩათვლით ამერიკაში ლობისტური საქმიანობისთვის, სულ ცოტა, 5,5 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

საქართველოდან ვაშინგტონში აქტიურ ახორციელებს „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც. მან 2011 წლის ბოლოს ვაშინგტონში ლობისტური ფირმა „BGR Government Affairs LLC“ დაიქირავა, რომელიც „BGR Group“-ის შვილობილი ფირმაა, ეს უკანასკნელი კი ევროპაშიც ახორციელებს საქმიანობას.

წელს ივანიშვილმა დაიქირავა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლობისტური და იურიდიული მომსახურების კომპანია „Patton Boggs“. ამ ფირმის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ ლობისტური საქმიანობის გასაჯაროების რეგისტრაციაში აღნიშნულია, რომ „Patton Boggs“ ივანიშვილს უზრუნველყოფს „საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული“ ლობისტური მომსახურებით. ივანიშვილს საქართველოში ეკუთვნის „ბანკი ქართუ“, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მრავალგზის ზეწოლაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც ბანკის მესაკუთრე მილიარდერმა შარშან ოქტომბერში პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.

ასევე, წელს ივანიშვილმა აშშ-ში დაიქირავა საკონსულტაციო ფირმა „National Strategies“. ამ ფირმის მიერ კონგრესში წარდგენილ რეგისტრაციის ფორმაში ნათქვამია, რომ კლიენტისთვის გასაწევ მომსახურებაში შედის ივანიშვილის „პოლიტიკური მოძრაობა ქართული ოცნებისთვის“ სტრატეგიული კომუნიკაცია და „საქართველოში კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ანგარიშვალდებულების შესახებ მისი პროგრამის პრეზენტირება“.

თავის მხრივ, „National Strategies“-მა ივანიშვილის სახელით დამატებით დაიქირავა ლობისტური ფირმა „Parry, Romani, Deconcini & Symms“, რათა უზრუნველეყო საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ლობირება. „Parry, Romani, Deconcini & Symms“, ძირითადად, სპეციალიზდება აშშ-ის კონგრესში ლობირებაზე.

ჟურნალ „Foreign Policy“-ს ბლოგი „The Cable“ იტყობინებოდა იანვარში, რომ ივანიშვილის წარმომადგენლებს ჰქონდათ მცდელობა, გადაებირებინათ „Podesta Group“ და სანაცვლოდ მას ორჯერ მეტის გადახდასაც სთავაზობდნენ, ვიდრე კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს, თუმცა „Podesta Group“ არ დათანხმდა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციიდან თინა ხიდაშელმა უარყო „Podesta Group“-ის ამგვარი წინადადების შეთავაზება.

2010 და 2011 წლის შეთანხმებებისგან განსხვავებით, ბოლო კონტრაქტი „Podesta Group“-სა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შორის ერთ ახალ მუხლს შეიცავს, რომლის თანახმადაც, „Podesta Group“ თანხმობას აცხადებს, რომ ამ შეთანხმების ძალაში ყოფნის პერიოდში და მისი შეწყვეტიდან ექვსი თვის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე ის არ იმუშავებს არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის, მოძრაობისთვის თუ გაერთიანებისთვის ან რომელიმე იმ ორგანიზაციისთვის, რომლებიც ქართულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ“.