სამართალი
„Amnesty International“ კონტროლის პალატის ქმედებების შესახებ

amnesty-international31თბილისი, 19 მარტი, საქინფორმი. „Amnesty International“-ის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური აქტივისტებისა და მხარდამჭერების ფართომასშტაბიანი დაბარება, რათა მათ პასუხი გასცენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობების შესახებ კითხვებს, დაშინების ეფექტს ქმნის და თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს წარმოადგენს.

კონტროლის პალატამ მიმდინარე კვირას რეგიონებში, როგორც თავად აცხადებს, ივანიშვილის კოალიციის ათობით (ზოგიერთი მონაცემებით – ასზე მეტი) აქტივისტი და მხარდამჭერი დაიბარა ოპოზიციური პარტიების ფინანსების მონიტორინგის მიზნით.

„Amnesty International“ შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას თან ახლდა ცნობები იმის შესახებ, რომ ეს ხდებოდა სამართლებრივი გარანტიების დარღვევით და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებით“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი განცხადებაში.

„Amnesty International“-ის განცხადებით, მან მიიღო ცნობები, რომ დაკითხვა ხშირად აგრესიული ფორმით მიმდინარეობდა, პოლიციის უამრავი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლის დროსაც ხდებოდა ადამიანების არასასურველი ჩხრეკა და მათი პირადი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობების შესახებ კითხვების დასმა, და ხშირად ეს ხდებოდა ადვოკატის ყოლის უფლების უქონლობის ფონზე.

„მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, ის ფორმა, რომლითაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს, ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა „Amnesty International“-მა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, ინდივიდუალური პირების დაკითხვის კუთხით კონტროლის პალატის უფლებამოსილებები მხოლოდ კანონის მიზნებისთვის და მის ფარგლებში გამოიყენებოდეს.