კონტროლის პალატამ შპს „ელიტა ბურჯი“ 1,5 მლნ $ დააჯარიმა
თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ივანიშვილის კუთვნილი შპს „ელიტა ბურჯი“ დააჯარიმა. როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია ნათქვამი, ჯარიმა უკანონო შემოწირულობის – 150 000 აშშ დოლარის, ათმაგ ოდენობას შეადგენს. კონტროლის პალატის ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ ბრენდირებული მაისურების დამზადების კანონიერება შეისწავლა და დაადგინა, რომ „ელიტა ბურჯმა“ პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ 150 000 აშშ დოლარის (250 000 ლარის) უკანონო შემოწირულობა განახორციელა.
„მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ შპს „ელიტა ბურჯი“ მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ასრულებს 500 000 აშშ დოლარის ღირებულების ბრენდირებული („ქართული ოცნების“ ლოგოტიპით) 200 000 ცალი მაისურით უზრუნველყოფას. დადგენილ იქნა, რომ შპს „ელიტა ბურჯმა“ ამ მიზნით განახორციელა 150 000 აშშ დოლარის ტრანზაქცია თურქული კომპანია „TUREN CAMASIRLARI“-ს ანგარიშზე. სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით არ არსებობს სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად დადებული ან ბუღალტრულად დაფიქსირებული სათანადო კონტრაქტი“, – ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს შესრულება არ არის უზრუნველყოფილი არც ავანსის გადახდით და არც სათანადო ფინანსური გარანტიებით. „ქართული ოცნების“ მიერ ზემოაღნიშნული მომსახურებისთვის არანაირი ხარჯი არ არის გაწეული. „ელიტა ბურჯის“ მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული მომსახურება არ არის თავსებადი მის მიმდინარე, ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობასთან, ვინაიდან არასდროს და არც სხვა პირებისთვის მსგავსი მომსახურება არ განუხორციელებია“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კონტროლის პალატის ცნობით, მონიტორინგის პროცესში გამოკითხულ იქნა შპს „ელიტა ბურჯის“ დირექტორი თენგიზ გვაზავა და საწარმოს მთავარი ბუღალტერი ნინო მენაბდე, რომლებმაც „ურთიერთსაწინააღმდეგო და რეალურ ფაქტებთან შეუსაბამო ინფორმაცია წარმოადგინეს“. „მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ფაქტებისა და ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შპს „ელიტა ბურჯის“ ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც მოძრაობა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობა 150 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დებულებებს და ექვემდებარება დაჯარიმებას განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.