თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. როგორც პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საქინფორმს ატყობინებს, პარტიის რეგიონული ხელმძღვანელი ლაშა გვასალია ეხმაურება „presa.ge“-ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ნამდვილად გაგვაოგნა „პრესა.ჯი“-ზე გამოქვეყნებულმა ჟურნალისტ შორენა გოგოლაძის „ნააზრევმა“ – „მინდია გულუა ბიძინას დესპანია „პუწინთან“. მსგავსი არაკომპეტენტურობის, პრიმიტივიზმისა და სიცრუის კასკადი ხელს უწყობს საზოგადოების დეზინფორმაციას და არასწორად მიმართავს მათ წარმოდგენებს როგორ ადამიანების, ისე საზოგადოებასთან მიმართებაში. უპირველესი დანიშნულება მასმედიისა გახლავთ მოსახლეობის სწორად ინფორმირება და არა ისეთი სიბინძურეების თხზვა, როგორც ეს ამ შემთხვევაში გააკეთა ქალბატონმა შორენამ.ქ-ნი „ჟურნალისტი“, უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა, რას გულისხმობს,„თურმე ნუ იტყვით, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი პუტინთან შეხვედრისას საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრებს“. გასაგებია, რატომაც მოიშველიეთ „თურმე“, მაგრამ საინტერესო ისაა, სად მოისმინეთ, დაინახეთ ან წაიკითხეთ ის ფაქტი, რომ მინდია გულუამ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას. თქვენ ან სახელი და გვარი გეშლებათ, ან შეკვეთილ დავალებას ასრულებთ, თანაც – მეტად უნიჭოდ. ებრალიძისა და გულუას ერთად გადაღებული ფოტოც ამ შეკვეთის ნაწილია. ასევე გაუგებარია, რას გულისხმობთ „ფანტასტიკური ჟანრის ფიქრებში“? ჩანს, რომ თქვენ და თქვენისთანა ხელისუფლების მოტრფიალე კალმოსნებს ვერ წარმოგიდგენიათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება და ამ საკითხებთან დაკავშირებით თუნდაც პუტინთან საუბარი. თქვენ ყველას და ყველაფერს თქვენი საოცნებო პრეზიდენტის თვალსაწიერით ზომავთ. დიახ, ჩვენო „ჟურნალისტო“, სწორედ ის უნდა გააკეთოს ბატონმა მინდიამ, რასაც ვერ აკეთებენ სხვები და რის გამოც ჩვენი მშობლიური კუთხეები ჩვენთვის პანთეონს ემსგავსება.
მესამე ძალაზეც ნამეტანი არასწორი წარმოდგენა და პრიმიტიული ხედვები გაქვთ, ძვირფასო „ჟურნალისტო“, რადგანაც ე.წ. მესამე ცენტრი ხელისუფლების გეგმის ნაწილია და სურს, ამ სახით ჯანსაღი პოლიტიკური ძალისა და რესურსების მარგინალიზაცია მოახდინოს. თქვენ მიერ „რეკლამირებულ“ პოლიტიკოსებთანაც ჯერჯერობით არავითარი კავშირი არ გააჩნია არც ბატონ მინდიას, არც ჩვენს პოლიტიკურ ძალას. ყველაფერს ჯობდა, თუ დაკვეთას არ ასრულებთ, დაკავშირებოდით ან ბატონ მინდიას, ან პარტიის პრესსამსახურს, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ, როგორც ქართული ანდაზა ამბობს: „ვერც სიმართლე იზეიმებს, თუ ტყუილმა იგულმწყემსა“. სიცრუით აშენებული ქვეყანა ჯერ არავის უნახავს და ნუ მიიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას, რადგან ნათქვამია: „მონანიებაც უთვალსწორია ხშირად!..“