„НТВ“-მ აჩვენა ფილმი მოსკოვში ოპოზიციის მასობრივად მოსყიდვის შესახებ
თბილისი, 16 მარტი,
საქინფორმი. ტელეარხმა „НТВ“-მ მამხილებელი ფილმი აჩვენა მოსკოვში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეთა შესახებ. ფილმის სახელწოდებაა „პროტესტის ანატომია“. ავტორები ამტკიცებენ, რომ იმ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობდნენ, ამისათვის ფულად ანაზღაურებას იღებდა. ამის შესახებ ტელეარხს ანონიმურმა მაკლერებმა უამბეს, რომლებიც პროფესიულად არიან დაკავებული ფილმების მასობრივი სცენებისთვის ხალხის შეგროვებით, მათ შორის – ოპოზიციის აქციებზე.
ფილმში ნაჩვენებია, როგორ აგროვებენ „მასას“ აქციისთვის „თეთრი რკალი“ მეტროს სადგურ „სოკოლნიკებთან“. უპირატესობას ანიჭებენ სტუდენტებს და მათ, ვინც „გაბრაზებულ ქალაქელებს“ ჰგვანან. ხელზე ყველას ნიშანს ასვამენ, ურიგებენ თეთრ ბაფთებს, ჰონორარის მისაღებ ტალონს და ავანსად ათას რუბლს. ამასთან, ორგანიზატორები სამუშაოს ღიად ასრულებენ და კამერებს არ ერიდებიან. სიუჟეტში ნაჩვენებია, აგრეთვე, რომ მიტინგში მონაწილე ადამიანებს მშრალ ულუფებს ურიგებენ. თუმცა „НТВ“-მ ვერ გაარკვია, ვის ხარჯზე იყო ორგანიზებული „ბანკეტი“. კორესპონდენტის თხოვნაზე – თავი წარედგინათ, „ქველმოქმედები“ პასუხობდნენ: „ჩვენთვის არ უთქვამთ, რა უნდა ვილაპარაკოთ“. სიუჟეტში ნაჩვენებია ისიც, რომ 5 მარტს პუშკინის მოედანზე გამართულ ოპოზიციის მიტინგს უცხოელები აკვირდებოდნენ. კორესპონდენტმა მათში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლები ამოიცნო. მაგრამ მათ მის შეკითხვებზე არ უპასუხეს და მიანიშნეს, რომ რუსული არ ესმით. ფილმის დასასრულ ნათქვამია, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აშშ მზად არის, მიზანმიმართულად დააფინანსოს მოქმედ ხელისუფლებასთან რუსი მებრძოლები ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით.
უნდა ითქვას, რომ ოპოზიციის მასობრივი აქციებისადმი მიძღვნილი ფილმი „Twitter“-ში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. ბლოგერების უმრავლესობას მის ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა, მათ დაიწყეს ჰაშტეგის „НТВ ცრუობს“ გამოყენება. ბლოგებში ფილმის შესახებ ასობით უარყოფითი კომენტარი გამოჩნდა.