საზოგადოება
თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ა.წ. ოქტომბერშია დაგეგმილი. „ეჭვი მაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადა გადაიხედება. ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ძალზე დაძაბული და აღელვებული არიან, ამიტომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ძიძიგურმა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნებისთვის მზად არის. „ხელისუფლება მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, შესაძლოა, მათ ხვალვე გამოაცხადონ არჩევნები... მაგალითად, 5 მაისს ან 26 მაისს... მაგრამ ჩვენ ამისათვის მზად ვართ, და ჩვენი რეგიონული აქტიურობაც იმას ემსახურება, რომ გაზაფხულზე დანიშნული არჩევნებისთვისაც კი მზად ვიყოთ“, – აღნიშნა ძიძიგურმა.