პოლიტიკა
ვესტერველე: „ნატოსთან მიახლოება მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს ღირებულებებს“

gruzia-germaniaთბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდო ვესტერველეს განცხადებით, გერმანია საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის გაღრმავებას მხარს უჭერს.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება გერმანიისა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საერთო მიზანს წარმოადგენს.

„ამასთან, ნატოსთან მიახლოება მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა გიდო ვესტერველემ.

მისი თქმით, საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფლიქტურ რეგიონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მისი თქმით, გერმანია მოუწოდებს საქართველოს, ჟენევის ხელშეკრულებების ფარგლებში დაგეგმილი მიზნების მისაღწევად მხარეებთან კონსტრუქციულად ითანამშრომლოს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის ერთმნიშვნელოვანია და ნებისმიერ მომენტში გერმანია აფიქსირებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. აუცილებელია დიალოგი, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატში“, – აღნიშნა ვესტერველემ.