თბილისი, 16 მარტი, საქინფორმი. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამეს შეხვდა. იერუსალიმის საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ჯვრის მონასტრის ქართული მხარისთვის დაბრუნების საკითხი განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის პატრიარქს საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოების პოზიცია გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ქართული ეკლესიისთვის ჯვრის მონასტრის დაბრუნების მნიშვნელობაზე.„იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრაზე მე ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ქართული სახელმწიფოს, ქართული ეკლესიის, ქართველი ხალხის სურვილი, რომ მოხდეს ჯვრის მონასტრის დაბრუნება საქართველოს რელიგიურ და კულტურულ სივრცეში, რადგან ჯვრის მონასტერი არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული რელიგიური ძეგლი. ჩვენ, ბუნებრივია, დავაფიქსირეთ ჩვენი დიდი პატივისცემა იერუსალიმის საპატრიარქოსა და პატრიარქის მიმართ. მზად ვართ, გამოიძებნოს ნებისმიერი გამოსავალი და შეთანხმება, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოსა და იერუსალიმის პატრიარქის თანხმობას დაემყარება. მზად ვართ, პირადად მასთან და საპატრიარქოსთან დიალოგისა და მოლაპარაკების პროცესი ვაწარმოოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ. მანვე აღნიშნა, რომ, ბუნებრივია, ეს ხანმოკლე პროცესი არ იქნება.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევთანხმდებით, მოვძებნით ფორმას და მოვახერხებთ იმას, რომ ჯვრის მონასტერი, რომელიც ქართველების უდიდესი სულიერი და კულტურული სიწმინდეა, დაუბრუნდება საქართველოს კულტურულ და რელიგიურ სივრცეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის პატრიარქს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენახვისთვის მადლობა გადაუხადა. დავით ბაქრაძემ თეოფილე მესამეს თანამედროვე ქართველი ხატმწერის მიერ შესრულებული ხატი უსახსოვრა.
საქართველოს დელეგაციის წევრებს იერუსალიმის პატრიარქმა საჩუქრად ხატები გადასცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ჯვრის მონასტერი მოინახულა.