თბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ოპოზიციური პარტიების რეგიონული ოფისების წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ. არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში.
ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„პოლიტიკური ორგანიზაციებისგან მიღებული საფინანსო დეკლარაციების აუდიტის პროცესში დადგინდა, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული ხარჯები სახელფასო, რემონტის, ოფისის იჯარის და ა.შ. არ შეესაბამება რეალობას და არ არის ასახული მათ მიერ წარმოდგენილ დეკლარაციებში. მხედველობაში გვაქვს, მაგალითად, ფართოდ რეკლამირებული ოფისების გახსნა, რაც კანონით ნებადართული საქმიანობაა, თუმცა ასახული უნდა იყოს შესაბამის ფინანსურ ანგარიშგებებში. აღნიშნული მოთხოვნა დაცული არ არის. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთაც აქვთ ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს, რა ფაქტობრივი ხარჯებია გაწეული და რამდენად გამჭვირვალეა ეს თანხები. ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს, არამედ, კერძო ფირმების – ძირითადად კი, კომპანია შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას კრძალავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღნიშნავენ, რომ დადასტურებული ინფორმაცია არსებობს სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებსა და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებითაც.
„აღნიშნული განხორციელებულია ე.წ. შავი ფულის სქემებით, კანონის გვერდის ავლის მიზნით და პოლიტიკური გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნების უგულებელყოფით, რის შესახებაც მონიტორინგის პროცესის დასრულებისთანავე საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის დადგენილია პოლიტიკური საქმიანობისთვის მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების გამჭვირვალობის ვალდებულება, საქართველოს მოქალაქეებს კი უფლება აქვთ, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანებების დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე.
„მოქალაქეებს უფლება აქვთ, შეაგროვონ ხელმოწერები ცალკეული სუბიექტების მხარდასაჭერად, გაავრცელონ სააგიტაციო მასალა, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ საქმიანობაში როგორც მოხალისედ, ისე შესაბამისი კანონიერი ანაზღაურების ფარგლებში. ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებთ ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში მასობრივად იბარებს. როგორც საქინფორმი იყწყებოდა, მოქალაქეები დაიბარეს ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. რეგიონებში მცხოვრებ ათეულობით მოქალაქეს საქართველოს კონტროლის პალატიდან ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდა. უწყების თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები დაბარებულნი იყვნენ ახსნა-განმარტების მისაცემად. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატაში, ძირითადად, „ქართული ოცნების“ წევრებსა და ამ კოალიციასთან დაკავშირებულ პირებს იბარებენ.