თბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი ატყობინებდა მკითხველს, გასული ორი დღის განმავლობაში საქართველოს კონტროლის პალატა რეგიონებში მცხოვრებთ ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შენობებში მასობრივად იბარებს.
საქართველოს კონტროლის პალატიდან ერთი და იმავე შინაარსის უწყება მიუვიდა მოქალაქეებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეები დაბარებულნი იყვნენ ახსნა-განმარტების მისაცემად.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს ინფორმირებული იმ ფაქტის შესახებ, რის თაობაზეც ხდება მათი დაბარება ახსნა - განმარტების ჩამოსართმევად. უფრო მეტი, თითოეული მოქალაქე უნდა სარგებლობდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლებით. პროცესი უნდა იყოს საჯარო და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, მისცეს თითოეულ მოქალაქეს დაცული უფლების რეალიზების საშუალება.
საია მოუწოდებს საქართველოს კონტროლის პალატას, ობიექტურობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროცესებშიც და ახორციელებს მომმართველებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას. ყველა პირს, ვინც ჩათვლის, რომ ესაჭიროება სამართლებრივი დახმარება, შეუძლია მიმართოს ორგანიზაციის როგორც თბილისის, ისე რეგიონულ ოფისებს.