საზოგადოება
კახა კალაძის მიმართვა

fosta-kalaZeთბილისი, 15 მარტი, საქინფორმი. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამდივნო საქინფორმს აცნობებს, კოალიციის წარმომადგენელი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ზეწოლასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო თანამემამულენო, ბოლო ხანს მასობრივი ხასიათი მიიღო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ყოვლად აბსურდულმა დაკითხვებმა,  კანონს ამოფარებულ ჩინოვნიკთა გარკვეული ნაწილი ზეწოლას ახდენს მოქალაქეებზე და ყოველივე ეს ხდება პიროვნების პატივისა და ღირსების ამყრელი მოქმედებით, მათ შორის, ყოვლად დამამცირებელი – ადამიანთა გაშიშვლებითაც კი.

ისტერიაში ჩავარდნილი პრეზიდენტი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ის ცდილობს, თავისი რეჟიმის შენარჩუნებისა და განმტკიცებისათვის „ქართულ ოცნებას“ დააშვებინოს შეცდომა და მარტივ პროვოკაციებზე წამოაგოს. მაგრამ ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უკუშედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას და გათვლილი ნაბიჯებით მივიწევთ წინ. ხელისუფლების ვერანაირი ხაფანგი ვერ გვაიძულებს ქართველ ხალხს, რომ არჩეული სამართლებრივი გზიდან გადავუხვიოთ.

ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს აქტივისტებს და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთ მათ მარტო რეჟიმთან ბრძოლაში – სულ მალე საზოგადოება ამას თვალნათლივ დაინახავს.

აქვე მინდა, ვუთხრა ყველა ჩინოვნიკს, რომელიც დღეს სადამსჯელო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას, რომ ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა უსაზღვრო არაა, მოვა დრო, როდესაც აბსოლუტურად ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი  ხალხის წინაშე და ვისაც კანონი აქვს დარღვეული, მოხვდება განსასჯელის სკამზე. ქართველი ხალხის მუდმივ ტერორსა და ძალადობაში ყოფნას არ შევარჩენთ მოქმედ რეჟიმს. იმავდროულად,  ამ სამარცხვინო ფაქტების საქმის არსი გავაცანით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და დიპლომატიურ კორპუსს.

მეგობრებო,  ქალაქებში, რაიონებში, დაბებსა თუ სოფლებში ჩვენი რიგები არა თუ ყოველდღიურად, არამედ ყოველსაათობრივად იზრდება და სულ მალე ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მოსახლეობა აიხდენს „ქართულ ოცნებას“.