თბილისი, 14 მარტი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი ატყობინებს, გუშინდელ ბრიფინგზე მოუწოდეს მთავრობას, სტუდენტებს საბანკო კრედიტის აღებისას გარანტორად დაუდგეს, რაც მათ საშუალებას მისცემთ, ისწავლონ და არ მოუხდეთ სასწავლებლის დატოვება ფინანსების უქონლობის გამო.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტური სესხები, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. ბანკების მიერ დაწესებული მოთხოვნების დაკმაყოფილება სტუდენტების უმრავლესობისთვის შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ სტუდენტური სესების საპროცენტო განაკვეთების სიდიდეზე. განხილულ იქნა ბანკების მკაცრი მოთხოვნების სტატისტიკა, რაც, ფაქტობრივად, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე გაცემული კრედიტებია და არა – კონკრეტულად სტუდენტური სესხები.„აფბას“ შეფასებით, ხელისუფლება 12.5 მლნ ლარს სტუდენტებს წინასაარჩევნოდ აძლევს, თითოეულს 500 ლარს, საზაფხულო დასაქმების ფარგლებში.მათ ნაწილს ეს ფული არ სჭირდება, მაშინ, როცა მყარი გარანტიის უქონლობის გამო უნიჭიერესი ახალგაზრდები სტუდენტურ სესხს ვერ იღებენ და წყვეტენ სწავლას. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ასეთი ერთჯერადი აქცია წინასაარჩევნო პერიოდში სტუდენტების არაპირდაპირი მოსყიდვაა.
აფბა ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ნიჭიერი ახალგაზრდების განთესვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და დაუდგეს გარანტორად ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მაძიებელ პერსპექტიულ სტუდენტებს სესხის აღებისას; გადადგას ქმედითი ნაბიჯები სტუდენტებისთვის ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით.
ამ მხრივ, აფბას წინადადებით, შეიძლება განიხილოს როგორც იაფი სესხების გაცემა, ისე მათთვის გარანტორად დადგომა კრედიტის აღებისას, აგრეთვე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებითი შეღავათების მიცემა, თუნდაც იგივე საპროცენტო განაკვეთის ბიუჯეტიდან დაფარვის გზით ან გრძელვადიანი სესხების აღების ხელშეწყობით.
ამასთან, აფბა მიმართავს ოპოზიციურ ძალებს, წარმოადგინონ მათი ხედვა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული ამ პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.